მესამე მხარის ეფექტიანი შეფასების პრიორიტეტები და პრინციპები
მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიებს მოდელების უსაფრთხოდ სწავლების, შეფასებისა და დანერგვის უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მესამე მხარის შეფასებები ამ პასუხისმგებლობის დაბალანსების უმნიშვნელოვანესი ნაწილია: ისინი აფართოებს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებაზე მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობას, მსოფლიოს ინფორმირებულობას უზრუნველყოფს და ლაბორატორიებს მკაფიო, დამოუკიდებლად გამყარებული უსაფრთხოების მტკიცებების შესრულებაზე ანგარიშვალდებულს ხდის.
მოწინავე სფეროს განვითარების ტემპის მართვის ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, OpenAI მზადაა მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ შეფასებებს სწავლების, შეფასებისა და დანერგვის პროცესებზე სიღრმისეული წვდომის უზრუნველყოფით. ასეთმა წვდომამ შემფასებლებს უნდა მისცეს საშუალება, ეჭვქვეშ დააყენონ ჩვენი დაშვებები, გამოავლინონ რისკები, რომლებიც შეიძლება გამოგვრჩა, და ჩვენი დამცავი ზომების ეფექტიანობაზე საკუთარი დასკვნები გამოიტანონ.
ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ მესამე მხარე შემფასებლებთან მოდელის შემუშავებისა და დანერგვის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე. მესამე მხარის შეფასებები ასევე ჩავრთეთ ჩვენი მზაობის ჩარჩოს პრაქტიკაში და მხარი დავუჭირეთ ორგანიზაციებსა და კანონმდებლობას, რომლებიც უფრო მკაცრ და ანგარიშვალდებულ პროცესს ემხრობიან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველვყოფდით სიღრმისეული წვდომის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის ინფორმაციას ჩვენი ტექნიკური დამცავი ზომების შესახებ, ხილულ წვდომას აზროვნების ჯაჭვზე და კონფიდენციალურ მონაცემებსა და შიდა დანერგვაზე უპრეცედენტო დონის წვდომას ინციდენტებზე რეაგირებისა და მონიტორების შეტევითი ტესტირებისთვის (red teaming). აქ წარმოდგენილი პრიორიტეტები და პრინციპები ეხება ჩვენს თანამშრომლობას კერძო და არაკომერციული სექტორის დამოუკიდებელ შემფასებელ ორგანიზაციებთან ტექნიკური უსაფრთხოების შეფასებების მიმართულებით. ისინი ავსებს ტესტირებისა და შეფასების საკითხებზე მთავრობებთან ჩვენს მუშაობას, სადაც განსხვავებულმა როლებმა და პასუხისმგებლობებმა შეიძლება სხვა მიდგომები მოითხოვოს.
ამ შეფასებების ეფექტიანობისთვის საჭიროა დამოუკიდებლობის მტკიცე მექანიზმები, სამეცნიერო სიზუსტე, საიმედო უსაფრთხოების პრაქტიკა და მკაფიო პასუხისმგებლობები. ლაბორატორიები ვალდებული არიან, სენსიტიური ინფორმაციის დაცვის პარალელურად უზრუნველყონ საფუძვლიანი შემოწმების შესაძლებლობა. ლაბორატორიები და დამოუკიდებელი შემფასებლები პასუხისმგებლობას ერთობლივად იზიარებენ და უნდა მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და დაცვის პრაქტიკის საერთო საერთაშორისო სტანდარტებით. ქვემოთ წარმოგიდგენთ სიღრმისეული შეფასების ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას და მკაცრი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი მუშაობის პრინციპებს.
მესამე მხარის შეფასებები ყველაზე სასარგებლოა, როცა კონკრეტულ და მნიშვნელოვან კითხვებს პასუხობს: ამყარებს თუ არა მტკიცებულებები ლაბორატორიის უსაფრთხოების დასაბუთებასა და მტკიცებებს? ამოწმებს თუ არა შეფასებები სათანადოდ იმ რისკებს, რომელთა გაზომვაც მათ ევალება? მუშაობს თუ არა დამცავი ზომები რეალისტურ პირობებში?
აქ აღწერილმა შეფასებებმა განსხვავებული ფორმა უნდა მიიღოს იმის მიხედვით, უსაფრთხოების რომელი საკითხი განიხილება. ვგეგმავთ რამდენიმე შეფასების პარალელურად და სხვადასხვა პერიოდში მხარდაჭერას: ზოგი მათგანი რამდენიმე კვირას, ზოგი კი რამდენიმე თვეს გასტანს. მართალია, მესამე მხარის შეფასებები შეიძლება დანერგვამდელი სამუშაოს ნაწილიც იყოს და დანერგვის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენდეს, აქ აღწერილი სამუშაო, როგორც წესი, გრძელვადიანია და გამოშვების კონკრეტულ თარიღზე არ არის დამოკიდებული — მისი მიზანია უსაფრთხოების ცალკეული მტკიცებების დროთა განმავლობაში სიღრმისეული შესწავლა.
პრიორიტეტული მიმართულებებისა და პრინციპების განხილვისას ვიყენებთ ტერმინებს „უსაფრთხოების მტკიცებები“ და „უსაფრთხოების დასაბუთებები“. ამ ტერმინებში შემდეგს ვგულისხმობთ:
უსაფრთხოების მტკიცება: კონკრეტული მტკიცება მოდელის ან სისტემის შესაძლებლობების, ქცევის ან დამცავი ზომების შესახებ, რომელიც მის უსაფრთხოებას ეხება და მტკიცებულებებით შეიძლება შეფასდეს. მტკიცებაში უნდა განისაზღვროს, რომელ რისკებსა და პირობებს ეხება ის, ასევე შესაბამისი დაშვებები და შეზღუდვები.
უსაფრთხოების დასაბუთება: მტკიცებულებებით გამყარებული სტრუქტურირებული არგუმენტი, რომელიც განმარტავს, რატომ იმართება მოდელის ან სისტემის რისკები სათანადოდ კონკრეტული საქმიანობისთვის, როგორიცაა სწავლება, შეფასება ან დანერგვა. უსაფრთხოების დასაბუთება ცალკეულ უსაფრთხოების მტკიცებებს მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებთან აკავშირებს და მკაფიოდ წარმოაჩენს დაშვებებს, გაურკვევლობებსა და დარჩენილ რისკებს, რომლებმაც შეიძლება მის დასკვნებზე იმოქმედოს.
გთავაზობთ სიღრმისეული შეფასების ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას და მკაცრი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი მუშაობის პრინციპებს.
უსაფრთხოების დასაბუთებების დამოუკიდებელი შეფასება, რომელიც მოიცავს სწავლებას, შეფასებას, შიდა და გარე დანერგვას.
უსაფრთხოების დასაბუთებების შეფასება მოითხოვს კვალიფიკაციას შესაბამისობაში, კონტროლის მეთოდებში, როგორიცაა მონიტორინგი, კიბერუსაფრთხოებაში, ბიოლოგიურ და ქიმიურ ბოროტად გამოყენებასა და შეტევით ტესტირებაში (red teaming). უსაფრთხოების დასაბუთებები მოიცავს მტკიცებებს სწავლების, შესაძლებლობების შეფასებისა და დამცავი ზომების შესახებ, რომლებიც შეიძლება შეფასდეს მთლიანად ან ნაწილებად (იხილეთ ქვემოთ პრიორიტეტები 2 და 3). სავარაუდოდ, რამდენიმე შემფასებელს მოუწევს დასაბუთებების სხვადასხვა ნაწილის შემოწმება საკუთარი სპეციალიზაციის შესაბამისად. ერთობლივად მათმა შეფასებებმა პასუხი უნდა გასცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა:
საკმარისად არის თუ არა დასაბუთებული სწავლების, შეფასებისა და დანერგვის უსაფრთხოების დასაბუთებათა მტკიცებულებები? იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების დასაბუთების პირობები სწავლების, შეფასებისა და დანერგვის დროს?
მოიცავს თუ არა ჩვენი უსაფრთხოების დასაბუთებები შეფასებისას გამოვლენილ ყველაზე გადაუდებელ რისკებს? ამყარებს თუ არა უსაფრთხოების მტკიცებები უსაფრთხოების საერთო დასაბუთებას? არსებობს თუ არა ხარვეზები ან გასაუმჯობესებელი მიმართულებები?
გამოიყენება თუ არა ეფექტიანი მეთოდები სწავლებისას ისეთი წამახალისებელი ფაქტორების გამოსავლენად და შესამცირებლად, რომლებმაც შეიძლება წაახალისოს მოტყუება, ჯილდოების სისტემის გატეხა, დესტრუქციული ქმედებები ან შეზღუდვების გვერდის ავლა?
კრიტიკული დამცავი ზომების შეფასება შიდა და გარე დანერგვისას
ჩვენი დამცავი ზომების ერთობლიობა მუდმივად ვითარდება ცვალებად შესაძლებლობებსა და გარემოსთან შესაბამისობისთვის. ჩვენი დამცავი ზომები მოიცავს სწავლებას, შიდა დანერგვასა და გარე დანერგვას. ამჟამად ისინი მოიცავს მოდელის დონის, აღსრულებისა და უსაფრთხოების დამცავ ზომებს, ასევე შეუსაბამობის მონიტორებს და ფარავს მრავალი სახის რისკს, როგორიცაა კონტროლის დაკარგვა და კიბერ-, ბიოლოგიური თუ ქიმიური საფრთხეების მხრივ ბოროტად გამოყენება. ტექნიკური პარტნიორობები ხელს უწყობს დამცავი ზომების არსებული სისუსტეების გამოვლენას, შეფასების მეთოდების გაუმჯობესებასა და სტანდარტების შემუშავების დაჩქარებას. ამით იქმნება უფრო მყარი ტექნიკური საფუძველი მომავალი საჯარო პოლიტიკისთვის, რომელიც მოწინავე სფეროს განვითარების ტემპს მართავს — განსაკუთრებით შიდა დანერგვისთვის, სადაც უსაფრთხოებისა და დაცვის სტანდარტები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა.
დამოუკიდებელმა შეფასებებმა უნდა შეამოწმოს, რამდენად კარგად მუშაობს ეს დამცავი ზომები და სად შეიძლება იყოს მათი სისუსტეები, მაგალითად:
„რუხი ყუთის“ ტიპის წვდომისას რამდენად უძლებს დამცავი ზომები მოწინააღმდეგის ტესტირებას (მწარმოებლის შეზღუდვების მოხსნის მცდელობებს) და რამდენად საკმარისად იცავს მაღალი რისკის სფეროებში (მაგ., კიბერ- და ბიოლოგიურ სფეროებში) შესაძლებლობების გაძლიერებისგან? მოიცავს თუ არა ჩვენი მოწინააღმდეგის ტესტირება და შეტევითი ტესტირება (red teaming) ყველაზე მნიშვნელოვან რისკებს?
რეალისტურ სამუშაო პირობებში ავტორიზებული ტესტირებისას როგორ ურთიერთქმედებენ აგენტები კიბერდაცვის ისეთ საშუალებებთან, როგორიცაა წვდომის კონტროლი, იზოლირებულ გარემოში გაშვება და აღმოჩენისა და რეაგირების სისტემები? რომელი დაცვის საშუალებები უშლის ხელს საზიანო ქმედებებს, ავლენს ან აკავებს მათ და სად ვერ მუშაობს ეს საშუალებები?
აქვს თუ არა ჩვენს შეუსაბამობის მონიტორებს კრიტიკული ხარვეზები, რომლებმაც შიდა ან გარე დანერგვისას შეიძლება კონტროლის დაკარგვა ან მძიმე შეუსაბამობა გამოიწვიოს? მოდელის შესაძლებლობების გაუმჯობესების კვალდაკვალ რამდენად სანდოა აზროვნების ჯაჭვის მონიტორინგი უსაფრთხოების ან შესაბამისობის მტკიცებულების წყაროდ?
არის თუ არა ყველა შესაბამისი სწავლების, შეფასებისა და დანერგვის პროცესში სათანადო მონიტორინგი ისე განხორციელებული, რომ მისი მარტივად გამორთვა შეუძლებელი იყოს?
შეესაბამება თუ არა დანერგილი დამცავი ზომები შესაძლებლობების დონეს?
შესაძლებლობების შეფასებების შემოწმება, რომლებიც მოიცავს მზაობის რისკის კატეგორიებს (ქიმიური და ბიოლოგიური რისკები, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტის თვითგაუმჯობესება), ასევე შესაბამისობის შეფასებების შემოწმება შეუსაბამობის რისკებთან მიმართებით
ჩვენი მზაობის ჩარჩო მოითხოვს შეფასებებს, რომლებიც მოწინავე რისკის ძირითად სფეროებს შეისწავლის. ზღვრების გადალახვისა და შეფასებების შესაძლებლობების ამოწურვის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, მუდმივად განახლდეს და უზრუნველყოფილი იყოს იმ შეფასებების მოცვა და ხარისხი, რომლებიც მზაობის რისკის სფეროებში შესაძლებლობებს ამოწმებს, ასევე იმ შესაბამისობის შეფასებებისა, რომლებიც მძიმე შეუსაბამობის რისკებს შეისწავლის.
შესაბამისი კითხვებია:
სათანადოდ მოიცავს თუ არა მზაობის რისკების შეფასებები მზაობის რისკის ზღვრის განსაზღვრებას? სწორად არის თუ არა განსაზღვრული ამ შეფასებების ზღვრები?
ახლდება თუ არა შეფასებები, როცა მოდელები მუდმივად უმაღლეს ქულებს იღებს, და ზომავს თუ არა ახალი ტესტები რეალურად უფრო მოწინავე შესაძლებლობებს?
სათანადოდ მოიცავს თუ არა ჩვენი შესაბამისობის შეფასებები მძიმე შეუსაბამობის რისკებს და რომელი მნიშვნელოვანი ქცევები ან პირობები შეიძლება გამორჩეს?
კრიტიკული შეუსაბამობის ინციდენტების დამოუკიდებელი გამოძიება
დამოუკიდებელი გამოძიება შეიძლება სასარგებლო იყოს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა კრიტიკული ინციდენტის დროს. აქ ყურადღებას ვამახვილებთ მოდელის შეუსაბამობაზე, მათ შორის მოდელების უნებართვო მოქმედებასა და ზედამხედველობისთვის თავის არიდებაზე, რამაც განზრახ ბოროტად გამოყენების გარეშეც შეიძლება გამოავლინოს შესაბამისობის მეთოდებისა და დამცავი ზომების სისუსტეები.
ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად OpenAI-ისა და Hugging Face-ის ინციდენტის დროს, შეიძლება სასარგებლო იყოს დამოუკიდებელი მესამე მხარის ჩართვა შეუსაბამობის ინციდენტის დამოუკიდებელ გამოძიებაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, ინციდენტის გამოძიებაში ჩართულ მესამე მხარეებს ჰქონდეთ საჭირო კვალიფიკაცია, მათ შორის, შესაბამის შემთხვევებში, კიბერკრიმინალისტიკისა და შესაბამისობის ცოდნა, აზროვნების ჯაჭვის ფართომასშტაბიანი ანალიზის გამოცდილება, აგრეთვე გამოძიების დროულად ჩასატარებლად საჭირო პერსონალი და რესურსები. ინციდენტზე რეაგირება შეიძლება მოიცავდეს სენსიტიურ შიდა და მესამე მხარის მონაცემებზე წვდომას, ამიტომ ზოგი დეტალის გამოქვეყნება ან მასზე წვდომა შეიძლება შეზღუდვას საჭიროებდეს. დამოუკიდებელი გამოძიების მიგნებები შეიძლება მოდელის უსაფრთხოების დასაბუთებასაც დაედოს საფუძვლად, რადგან გვაწვდის მტკიცებულებებს მისი შესაბამისობის შესახებ მტკიცებებისა და ადრე გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად მიღებული ზომების ეფექტიანობის შესაფასებლად.
შეუსაბამობის ინციდენტების კონტექსტში დამოუკიდებელი შეფასებების პრიორიტეტული საკითხებია:
მოდელის ქცევის ან შეუსაბამობის რა პრობლემები წარმოიშვა ინციდენტის დროს და რა იყო მათი გამომწვევი ძირითადი ფაქტორები?
შეამცირებს თუ არა დამცავი და გამოსასწორებელი ზომები მომავალში მსგავსი ინციდენტების რისკს ეფექტიანად?
შეფასების მკაფიოდ განსაზღვრული და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებები: შეფასება უნდა დაიწყოს ურთიერთშეთანხმებული ფარგლების განსაზღვრით, რასაც მოჰყვება მკაფიოდ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების მტკიცებები, რომლებიც შეფასების დაწყებამდე წინასწარ რეგისტრირდება. მესამე მხარეებმა და ლაბორატორიებმა უნდა დააზუსტონ, ეს მტკიცებები შესაფასებელი კომპანიის მიერ არის წარდგენილი შეფასებისთვის, თუ მესამე მხარე შემფასებელს სურს მათი დამოუკიდებლად შეფასება და ლაბორატორია თანახმაა, ამ მტკიცებებთან მიმართებით შეფასდეს. ზოგი მტკიცება შეიძლება შეფასების ფარგლებს გარეთ დარჩეს მრავალი მიზეზით, მათ შორის მესამე მხარისთვის მონაცემებზე წვდომის შეუძლებლობის, შემფასებლის არასაკმარისი კვალიფიკაციის ან გადაუდებელი შეფასებისას გონივრული დროითი შეზღუდვების გამო. ლაბორატორიებმა და შემფასებლებმა უნდა შეიმუშაონ საწყისი ფარგლების მიღმა გამოვლენილი მნიშვნელოვანი რისკების განხილვის პროცესი, მათ შორის იმის დასადგენად, საჭიროა თუ არა დამატებითი მოკვლევა. დასკვნებში მკაფიოდ უნდა მიეთითოს, ურთიერთშეთანხმებულ ფარგლებთან მიმართებით რა შეფასდა და რა — არა.
თანაზომიერი წვდომა: სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და ინტელექტუალური საკუთრების შეზღუდვების ფარგლებში, შესაძლებლობის შემთხვევაში შემფასებლებს უნდა ჰქონდეთ შეთანხმებული მტკიცებების შესაფასებლად საჭირო თანაზომიერი წვდომა. როდესაც პირდაპირი წვდომა არაპრაქტიკული ან შეუძლებელია, შემფასებლებს შეუძლიათ იმუშაონ კომპანიის დანიშნულ წარმომადგენელთან ან გამოიყენონ არაპირდაპირი თუ კონფიდენციალურობის დამცავი წვდომის მექანიზმები ძირითადი ინფორმაციის დასაცავად.
გამჭვირვალე მეთოდოლოგია და სტანდარტები: შემფასებლებმა უნდა განმარტონ თავიანთი მეთოდები, შეფასების კრიტერიუმები და გაურკვევლობები და, სადაც შესაძლებელია, დამკვიდრებულ სტანდარტებს დაეყრდნონ. თუ შესაბამისი სტანდარტები ჯერ არ არსებობს, მათ მკაფიოდ უნდა დაასაბუთონ გამოყენებული კრიტერიუმები. ანგარიშებში ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს უშუალო მიგნებები და მათი ინტერპრეტაცია, განიმარტოს გაურკვევლობა და მკაფიოდ მიეთითოს, რომელ დასკვნებს ამყარებს მტკიცებულებები.
კვალიფიკაცია და დამოუკიდებლობა: შემფასებლებმა უნდა წარმოაჩინონ შესაბამისი ტექნიკური კვალიფიკაცია, გამოავლინონ და გაამჟღავნონ ორგანიზაციული და პირადი ინტერესთა კონფლიქტები და მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის ფინანსურ წახალისებებთან, დეველოპერებთან ურთიერთობებსა და შესაფასებელ სამუშაოში წარსულ მონაწილეობასთან დაკავშირებით. დამცავი ზომები ისე უნდა შემუშავდეს, რომ კომერციულმა ზეწოლამ და ანაზღაურების პირობებმა მიგნებებზე გავლენა ვერ მოახდინოს; ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს პროცესიდან ჩამოშორებას ან მონაწილეობის სათანადო დროებით შეზღუდვას.
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა: შემფასებლებმა უნდა წარმოაჩინონ ინფორმაციული უსაფრთხოების სათანადო პრაქტიკა და თავიანთ პერსონალზე გაავრცელონ აღსრულებადი კონფიდენციალურობის გარანტიები, რომლებიც თანაზომიერია იმ სისტემებისა და ინფორმაციის სენსიტიურობასთან, რომლებზეც წვდომა აქვთ. ეს გარანტიები უნდა მოიცავდეს ინტელექტუალურ საკუთრებას, სენსიტიურ ინფორმაციასა და შეფასების ჩანაწერებს. თუ შემფასებლები საკუთარ გარემოში უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ ან ხელმისაწვდომი მონაცემები განსაკუთრებით სენსიტიურია, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს წვდომა კომპანიის მიერ მართულ მოწყობილობებზე ან მის შენობაში.
პრაქტიკულად გამოსადეგი მიგნებები და გამოსწორებისთვის საჭირო დრო: შეფასებებმა უნდა გამოავლინოს კონკრეტული ხარვეზები და ლაბორატორიებს მათ აღმოსაფხვრელად საკმარისი დეტალები მიაწოდოს. საჭიროების შემთხვევაში, გამოქვეყნებამდე ლაბორატორიებს პრობლემების აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა უნდა მიეცეთ. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშებში ასევე უნდა განიმარტოს, რა გაკვეთილები უნდა გაითვალისწინონ აგენტების დეველოპერებმა, განმთავსებლებმა და დამცველებმა, და მიეცეთ პრაქტიკული რეკომენდაციები მათი განხორციელებისთვის.
პასუხისმგებლიანი გამოქვეყნების პრაქტიკა: შეფასების ანგარიშები მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს და მაქსიმალურად ღიად გავრცელდეს, სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვით. თუ ინფორმაციის სრულად გასაჯაროება შეუძლებელია, ანგარიშვალდებულებას ხელს შეუწყობს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოებისთვის, მაგალითად, მმართველი ორგანოებისთვის ან კომპანიების საბჭოებისთვის, კონფიდენციალური ანგარიშების მიწოდება. დამოუკიდებლობასა და კონფიდენციალურობას შორის წონასწორობის შესანარჩუნებლად უნდა არსებობდეს პრინციპებზე დაფუძნებული რედაქტირების გარანტიები და წესები, ასევე მკაფიო მოლოდინები უკუკავშირისა და უზუსტობების გასწორების შესახებ. შემფასებლებმა უნდა შეინარჩუნონ სარედაქციო დამოუკიდებლობა და ამავდროულად უზრუნველყონ კონფიდენციალურობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. შემფასებლებმა უნდა დანერგონ რედაქტირების მკაფიო წესები, რომლებიც ლაბორატორიებს სენსიტიური ინფორმაციის ამოღების მოთხოვნის საშუალებას მისცემს, ხოლო შემფასებლებს — მიუთითონ, სად განხორციელდა არსებითი რედაქტირება და რა გავლენა იქონია ამან შეფასების ანგარიშზე.
ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ შემფასებლებს და მომავალი კანონებისა თუ კერძო მმართველობის ინსტიტუტების მეშვეობით დავამკვიდროთ უფრო მკაფიო, საერთო საერთაშორისო სტანდარტები მესამე მხარის ეფექტიანი შეფასებებისთვის. დამოუკიდებელი შეფასების ეკოსისტემა ჯერ კიდევ ვითარდება. მის ზრდას ხელს შევუწყობთ მოწინავე უსაფრთხოების საკითხებში ღრმა ცოდნის მქონე დამოუკიდებელ შემფასებელთა მრავალფეროვან საზოგადოებასთან თანამშრომლობითა და მისი მხარდაჭერით. არც ერთ მესამე მხარეს არ შეუძლია და არც უნდა დაეკისროს მოწინავე უსაფრთხოების გადაუდებელი საკითხების სრულად მოცვა. მიზანმიმართულად და გააზრებულად გავზრდით ჩვენს შესაძლებლობებს და ხელს შევუწყობთ მესამე მხარეთა მზარდ ეკოსისტემას საუკეთესო პრაქტიკებსა და პრინციპებზე შეთანხმებაში. რამდენიმე მესამე მხარესთან განვიხილავთ წინადადებებს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტულ მიმართულებებს შეესაბამება.


