წარმოგიდგენთ „ბიზნესები ChatGPT‑ში“
მოითხოვეთ თქვენი ბიზნესის პროფილის მართვის უფლება, განაახლეთ ინფორმაცია და გაიგეთ, როგორ ურთიერთობენ თქვენთან ადამიანები ChatGPT‑ში
წარმოგიდგენთ „ბიზნესები ChatGPT‑ში“ სერვისის ბეტა ვერსიას. ის ბიზნესებს ახალ გზას სთავაზობს იმ 1,2 მილიარდ ადამიანთან დასაკავშირებლად, რომლებიც ყოველკვირეულად იყენებენ ChatGPT‑ს. ბიზნესჰაბის(იხსნება ახალ ფანჯარაში) მეშვეობით ბიზნესებს შეუძლიათ მოითხოვონ თავიანთი პროფილის მართვის უფლება, მართონ ინფორმაცია და გაეცნონ ანალიტიკას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ მათთან ადამიანები ChatGPT‑ში. ამასთან, ბიზნესაგენტების მეშვეობით ვამატებთ მომხმარებლებთან ურთიერთობის ახალ, მძლავრ საშუალებას. პირველ ეტაპზე ის ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში მოქმედი ელექტრონული კომერციისა და ონლაინმომსახურების ბიზნესებისთვის, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
ერთად ეს პროდუქტები ბიზნესებს მეტ შესაძლებლობას აძლევს, დაუკავშირდნენ ადამიანებს, როცა ისინი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ და გადაწყვეტილებებს იღებენ. მათი დახმარებით ადამიანებს უადვილდებათ ChatGPT‑ში ბიზნესების პოვნა და მათთან ურთიერთობა: პლატფორმაზე მეტი ბიზნესია წარმოდგენილი, ინფორმაცია განახლებულია და ბიზნესთან დაკავშირება მისი ბიზნესაგენტის მეშვეობითაც შეიძლება. ყველა ამ შესაძლებლობის დანერგვისას ჩვენი მთავარი ორიენტირი კვლავ იმ ნდობის დაცვაა, რომელსაც ადამიანები ChatGPT‑ს უცხადებენ.
ბიზნესჰაბში კომპანიებს შეუძლიათ მოითხოვონ ChatGPT‑ში თავიანთი ორგანიზაციის პროფილის მართვის უფლება, ხოლო ვერიფიკაციის შემდეგ განაახლონ ძირითადი მონაცემები და დამოუკიდებლად დაამატონ პროდუქტების მონაცემთა არხები ფასებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციით. ეს ბიზნესებს ChatGPT‑სთვის ინფორმაციის მიწოდების ახალ საშუალებას აძლევს, ადამიანებს კი ეხმარება, პროდუქტებსა და სერვისებს ყველაზე ზუსტი და განახლებული მონაცემების საფუძველზე გაეცნონ.
ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და მდებარეობს იქ, სადაც ChatGPT ხელმისაწვდომია, შეუძლია ბიზნესჰაბის მეშვეობით მოითხოვოს ChatGPT‑ში თავისი პროფილის მართვის უფლება. OpenAI Enterprise-ის არსებულ მომხმარებლებსა და რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ ბიზნესის პროფილის მართვის უფლების მისაღებად უშუალოდ OpenAI-ის თავიანთ წარმომადგენელს მიმართონ. Shopify-ის მოვაჭრეებს ვერიფიკაციის გასამარტივებლად შეუძლიათ თავიანთი მაღაზია ბიზნესჰაბიდან ან Shopify-ის ადმინისტრირების პანელიდან დააკავშირონ. Shopify-ის მოვაჭრეების პროდუქტები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, Shopify Catalog-ის მეშვეობით უკვე ინტეგრირებულია ChatGPT‑ში.

ბიზნესჰაბი გთავაზობთ შეჯამებულ ანალიტიკას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები ბიზნესთან ChatGPT‑ში. ეს მოიცავს ბიზნესის ხსენებებისა და მის ვებსაიტზე გადასვლების რაოდენობას. ბიზნესებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ თემებს, რომელთა მეშვეობითაც მათ პოულობენ — საუბრის გავრცელებულ თემებს, რომლებშიც მათი ვებსაიტი წყაროდ არის მითითებული. ეს ანალიტიკა ბიზნესებს დაეხმარება, გაიგონ, როგორ არიან წარმოდგენილი, და აღმოაჩინონ მათ მიერ გაზიარებული ინფორმაციის გაუმჯობესების შესაძლებლობები.
ანალიტიკის ეს სისტემა მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დასაცავად შევიმუშავეთ. ბიზნესებს არ ვუზიარებთ მომხმარებელთა საუბრებს ან ბიზნესაგენტთან ჩატებს. ანალიტიკური მონაცემები შეჯამებულია და ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა საუბრების ან ურთიერთქმედებების რაოდენობა განსაზღვრულ ზღვარს აღწევს.

ChatGPT‑ში ბიზნესის პროფილის მართვის უფლების მიღების შემდეგ შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან, გამოსცადონ და აამოქმედონ ბიზნესაგენტი — ახალი საშუალება კითხვებზე პასუხის გასაცემად და ადამიანებისთვის თავიანთი შეთავაზებების გასაცნობად.
როდესაც მოდელის პასუხში ბიზნესი გამოჩნდება, ადამიანებს შეუძლიათ მასზე დაწკაპუნებით ნახონ მისი პროფილი ChatGPT‑ში. თუ ბიზნესაგენტი ხელმისაწვდომია, მომხმარებლებს შეუძლიათ ბიზნესთან საუბრის დაწყება აირჩიონ, მის შეთავაზებებს გაეცნონ და დამატებითი კითხვები დასვან. მაგალითად, პროდუქტების შედარებისას მომხმარებელმა შეიძლება იკითხოს, რა განსხვავებაა ორ ვარიანტს შორის და რომელი მახასიათებლები შეესაბამება მის საჭიროებებს. ბიზნესაგენტს შეუძლია ბიზნესის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაეხმაროს მას ამ საკითხების გარკვევაში.

ეს მომხმარებლებს დაეხმარება, უფრო მარტივად გაიგონ, შეესაბამება თუ არა შეთავაზება მათ საჭიროებებს. ბიზნესებს კი საშუალებას აძლევს, დაინტერესებულ მომხმარებლებს მათზე მორგებული საუბრის გზით მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. ბიზნესაგენტთან საუბარი მკაფიოდ არის მონიშნული, გამოყოფილია მომხმარებლის თავდაპირველი საუბრისგან ChatGPT‑სთან და გამიჯნულია ChatGPT‑ის დამოუკიდებელი პასუხებისგან.
ბიზნესებს ასევე შეუძლიათ დააფინანსონ თავიანთი ბიზნესაგენტის სარეკლამო განთავსება და ChatGPT‑რეკლამებიდან მომხმარებლები მასთან გადაამისამართონ, რათა მეტ პოტენციურ მომხმარებელს მისწვდნენ. დაფინანსებული განთავსებები მკაფიოდ არის მონიშნული და ChatGPT‑ის პასუხებისგან გამოყოფილი.
ბიზნესაგენტები უკვე ხელმისაწვდომია შეერთებულ შტატებში მოქმედი ელექტრონული კომერციისა და ონლაინმომსახურების ბიზნესებისთვის, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. დასაშვები კატეგორიების შესახებ მეტი შეიტყვეთ აქ.

ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს მიმართავენ პროდუქტების აღმოსაჩენად, ვარიანტების შესადარებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად. ChatGPT კი იქცა პლატფორმად, სადაც ადამიანები და ბიზნესები ერთმანეთს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით უკავშირდებიან. დღეს გამოცხადებული სიახლე ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია ChatGPT‑ში ბიზნესების უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ. ვიწყებთ საფუძვლებით: ბიზნესის შესახებ ზუსტი ინფორმაციით, სასარგებლო ანალიტიკითა და საუბრებით, რომლებიც ადამიანებს გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. დროთა განმავლობაში ვგეგმავთ, „ბიზნესები ChatGPT‑ში“ და ბიზნესაგენტები მეტ ბაზარსა და ბიზნესკატეგორიაში გავხადოთ ხელმისაწვდომი და უფრო რთული საჭიროებების მქონე ორგანიზაციებისთვის ხელსაწყოები შევქმნათ.
პლატფორმის განვითარებასთან ერთად მოვიძიებთ მეტ გზას, რომ ბიზნესები მომხმარებლებს — უშუალოდ ან აგენტების მეშვეობით — დაუკავშირდნენ როგორც ChatGPT‑ში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მიზანია, ChatGPT უფრო სასარგებლო გავხადოთ მათთვის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ბიზნესებს კი ჩართულობისა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მივცეთ.


