ვაუმჯობესებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინტელექტს ChatGPT‑ში
GPT‑5.5 Instant მოდელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მოწინავე ინტელექტს მეტ ადამიანს სთავაზობს. ის ეფუძნება ჩვენი მოდელების განვითარებასა და ექიმების ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეფასებას.
ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლისთვისაც ადამიანები ChatGPT‑ს იყენებენ. ყოველკვირეულად 230 მილიონზე მეტი ადამიანი მიმართავს ChatGPT‑ს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებზე დახმარებისთვის: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაგებად, ლაბორატორიული შედეგების გასააზრებლად, ექიმთან ვიზიტისთვის მოსამზადებლად, დაზღვევაში გასარკვევად, უფრო ჯანსაღი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად და შემდგომი შეკითხვების მოსაფიქრებლად.
GPT‑5.5 Instant მოდელის შემთხვევაში ვხედავთ მნიშვნელოვან წინსვლას იმაში, თუ როგორ უმკლავდება მოდელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს: უკეთ ცნობს, როდის შეიძლება იყოს საჭირო სასწრაფო დახმარება, სვამს შესაბამის კონტექსტურ შეკითხვებს, ხსნის გაურკვევლობას და რთულ ინფორმაციას უფრო მარტივად გასაგებს ხდის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩვენი ყველაზე რთული შეფასებების მიხედვით, GPT‑5.5 Instant მოდელი ახლა იმ დონეზე მუშაობს, რომელიც ჩვენს მოწინავე Thinking მოდელებს უტოლდება. რადგან ის ChatGPT‑ს უფასო ვერსიის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია, ამ გაუმჯობესებებით სარგებლობა მეტ ადამიანს შეუძლია. ეს შეიძლება ნიშნავდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უფრო გასაგებ ინფორმაციას, უკეთეს შეკითხვებსა და ნათელ შემდგომ ნაბიჯებს.
ეს პროგრესი ასახავს როგორც მოდელის შესაძლებლობების განვითარებას, ისე ექიმების ხელმძღვანელობით შესრულებულ სამუშაოს, რომელიც ჩვენი შეფასებების საფუძველია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენს საქმიანობაში ექიმების გლობალური ქსელი გვეხმარება, განვსაზღვროთ, როგორ გამოიყურება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რეალურ სიტუაციებში „კარგი“ პასუხი: ისინი განიხილავენ მოდელის პასუხების მაგალითებს, აღწერენ იდეალურ ქცევას და ავლენენ წარუმატებლობის ტიპებს. ექიმებთან მუშაობა საშუალებას გვაძლევს, გავზომოთ პროგრესი ჯანმრთელობის მიმართულებით და დროთა განმავლობაში გავაუმჯობესოთ ChatGPT‑ს პასუხები.
ჯანმრთელობის სფეროში პროგრესი ნიშნავს ზუსტი, გასაგები და გონივრულ განსჯაზე დაფუძნებული პასუხების მიწოდებას: იმის ამოცნობას, როდის არის საჭირო მეტი კონტექსტი, გაურკვევლობის ახსნას ზედმეტი თავდაჯერებულობის გარეშე და ადამიანების დახმარებას, გაიგონ, როდის მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
ამ პროგრესის გასაზომად ვიყენებთ კონკრეტულად ჯანმრთელობისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ შეფასებებს, როგორიცაა HealthBench და HealthBench Professional. ეს შეფასებები იყენებს რეალისტურ საუბრებს ჯანმრთელობის თაობაზე და ექიმების მიერ შედგენილ რუბრიკებს ისეთი თვისებების შესაფასებლად, როგორიცაა სიზუსტე, უსაფრთხოება, კომუნიკაცია, კონტექსტის გათვალისწინება, სრულყოფილება და შესაბამისი ესკალაცია საჭიროების შემთხვევაში.
GPT‑5.5 Instant მოდელი ჯანმრთელობის სფეროში მუშაობის იმავე ხარისხს აღწევს, რომელსაც ჩვენი უახლესი მოწინავე მოდელები შეფასებების ერთობლიობაზე, რაც მოიცავს HealthBench Professional ბენჩმარკს. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა GPT‑5.3 Instant მოდელთან შედარებით. 5.5 Instant (გამოვიდა 2026 წლის მაისში) და 5.3 Instant (გამოვიდა 2026 წლის მარტში) ხელმისაწვდომია ChatGPT‑ს უფასო ვერსიის ყველა მომხმარებლისთვის (მოქმედებს შეზღუდვები), ხოლო 5.4 Thinking და 5.5 Thinking მოდელის ხარჯების გამოსათვლელად API-ს ფასებს ვიყენებთ.
კიდევ ერთი შედარების სახით ექიმებსაც ვთხოვეთ დაეწერათ პასუხები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეპრეზენტაციული საუბრებისთვის: მათ მივეცით შეუზღუდავი დრო და ინტერნეტზე წვდომა (მაგრამ ხელოვნური ინტელექტის გარეშე). შემდეგ ექიმების ცალკე პანელმა ექიმების მიერ დაწერილი ეს პასუხები დროთა განმავლობაში შეადარა Instant-მოდელებს და რეალურ ურთიერთქმედებებში შეამოწმა მნიშვნელოვანი თვისებები, მათ შორის, სიზუსტე, კომუნიკაცია, სისრულე, ინსტრუქციების შესრულება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სარგებლიანობა, ჯამში 3500 განხილულ პასუხზე დაყრდნობით.
ამ შეფასებაში GPT‑5.5 Instant-ის პასუხები ყველა განზომილებაში უფრო მაღლა შეფასდა, ვიდრე ექიმების მიერ დაწერილი და ძველი მოდელების პასუხები.
ექიმების შეფასებით, GPT‑5.5 Instant მოდელის პასუხებს წარუმატებლობის ნაკლები ტიპი ჰქონდათ, ვიდრე ძველი მოდელებისა და ექიმების პასუხები. მაგალითად, როგორც ძველ მოდელებთან, ისე ექიმებთან შედარებით, GPT 5.5 Instant მოდელს ნაკლებად ჰქონდა შემთხვევები, როცა პასუხი ადგილობრივ ჯანდაცვის კონტექსტს არ ერგებოდა, გამორჩებოდა გამაფრთხილებელი ნიშნები ან სამედიცინო დახმარებაზე გადამისამართება, ან საჭიროებისას მომხმარებლისგან დამატებით კონტექსტს არ ითხოვდა.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩვენი მოდელების გამოყენების მასშტაბის გათვალისწინებით, მოდელის ბოლო გაუმჯობესებების გასაგებად კიდევ ერთი გზა საექსპლუატაციო გარემოში ტრაფიკის გაზომვაა. საექსპლუატაციო გარემოს ტრაფიკზე ვიყენებთ კონფიდენციალურობის დამცავ მონიტორებს, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პასუხებში ფაქტობრივი სიზუსტის შესაძლო პრობლემებს ვადევნოთ თვალი. ჯანმრთელობის სფეროში საექსპლუატაციო გარემოში ბოლოდროინდელი ტრაფიკის (კვირაში მილიარდობით შეტყობინების) შედარების საფუძველზე, იმ პასუხების მაჩვენებელი, რომლებშიც ფაქტობრივი სიზუსტის მინიმუმ ერთი მონიშნული პრობლემა იყო, ბოლო ორ თვეში 71%-ით შემცირდა.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რეალურ შეკითხვებზე მოდელების მიერ სხვადასხვა დროს გაცემული პასუხების შედარება აჩვენებს, როგორ გაუმჯობესდა ChatGPT ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებში: იცნობს, როდის შეიძლება სიტუაცია გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებდეს, გაურკვევლობას უკეთესი განსჯით უმკლავდება და ადამიანებს აძლევს უფრო ნათელ, სასარგებლო მითითებებს, რა გააკეთონ შემდგომ.
GPT-5.2 Instant
მოდელის სხვა პასუხების სანახავად დააწკაპუნეთ მოდელის სახელზე.
ამ პროგრესს ქმნიან ექიმები, რომლებიც გვეხმარებიან ChatGPT‑ში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პასუხების განსაზღვრაში, გაზომვასა და გაუმჯობესებაში.
OpenAI მუშაობს 260-ზე მეტი ექიმისგან შემდგარ გლობალურ ქსელთან, რომელიც მოიცავს 60 ქვეყანას, 49 ენასა და 26 სამედიცინო სპეციალობას. მათი უკუკავშირი განსაზღვრავს, როგორ უპასუხებს ChatGPT ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ფართო სპექტრის სცენარებში, დაწყებული ყოველდღიური შეკითხვებით კარგად ყოფნის თაობაზე და დამთავრებული უფრო რთული კლინიკური მდგომარეობებით.
ექიმები განიხილავენ მოდელის პასუხების მაგალითებს და აფასებენ, არის თუ არა ისინი ზუსტი, ნათელი, სრული, სათანადოდ ფრთხილი და სასარგებლო. ისინი გვეხმარებიან, გამოვავლინოთ, სად შეიძლება პასუხმა მნიშვნელოვანი კონტექსტი გამოტოვოს, სად შეიძლება ზედმეტად თავდაჯერებულად ჟღერდეს, სად უნდა გამოიჩინოს მკაფიოობა მომდევნო ნაბიჯების თაობაზე, ან უფრო პირდაპირ წაახალისოს ადამიანი, რომ სამედიცინო დახმარებას მიმართოს.
დღემდე ექიმებმა განიხილეს მოდელის პასუხების 700 000-ზე მეტი მაგალითი, რომლებიც ასახავს, როგორ შეიძლება იყენებდნენ კლინიცისტები და პაციენტები ChatGPT‑ს რეალურ სამყაროში. ყოველ რამდენიმე წუთში ექიმი ახალ პასუხს განიხილავს. მათი უკუკავშირი იქცევა რუბრიკებად და შეფასების კრიტერიუმებად, რომლებიც მკვლევრებს ეხმარება, გაზომონ, არის თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რეალურ სიტუაციებში პასუხები ზუსტი, უსაფრთხო, ნათელი, სრული, სათანადოდ ფრთხილი და სასარგებლო. ეს გვაძლევს უფრო ნათელ გზას დავინახოთ, სად უმჯობესდება მოდელები და სად საჭიროებს ჯერ კიდევ მუშაობას.
ეს სამუშაო ასევე მხარს უჭერს OpenAI-ს უფრო ფართო საქმიანობას ჯანმრთელობის სფეროში, რაც მოიცავს ხელსაწყოებს, რომლებიც ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის უკეთ გაგებასა და მასში ნავიგაციაში ეხმარება და ასევე, კლინიცისტებისთვის შექმნილ ხელსაწყოებს, როგორიცაა ChatGPT კლინიცისტებისთვის და OpenAI ჯანდაცვის სექტორისთვის. ისინი მედიცინის მუშაკებს ეხმარება ისეთი დავალებების შესრულებაში, როგორიცაა დოკუმენტაციის წარმოება, კვლევა და კონსულტაციები.
ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება ხელოვნური ზოგადი ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე პერსონალური და ხელშესახები გავლენა იქნება. მოდელების გაუმჯობესების კვალდაკვალ ჩვენი მიზანია ChatGPT ასეთ მომენტებში უფრო ზუსტი, უფრო ფრთხილი და უფრო სასარგებლო გავხადოთ, ხოლო მიღწეული პროგრესი სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი.


