გადადით მთავარ შინაარსზე
OpenAI

7 ოქტომბერი, 2026

პროდუქტიგამოშვება

GPT‑6 და ინტელექტუალური ინტერფეისი ყველასთვის

იტვირთება…

გასულ თვეში ფასიანი გეგმების მომხმარებლებს GPT‑6‑ის პირველი მოდელები წარვუდგინეთ. დღეს კი ამ ახალი თაობის ინტელექტს უფრო მეტი ადამიანისთვის ვხდით ხელმისაწვდომს: GPT‑6‑ის ახალი მოდელი შექმნილია 1,2 მილიარდზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც ChatGPT‑ს ყოველკვირეულად იყენებენ.

GPT‑6‑ს ChatGPT‑ში ინტელექტუალური ინტერფეისი შემოაქვს — ახალი შესაძლებლობა, რომლითაც ChatGPT სწრაფად პასუხობს სრულად ინტერაქტიული ინტერფეისების გამოყენებით. ასე ყოველდღიური პასუხები უფრო თვალსაჩინო ხდება, რთული საკითხების სწავლა მარტივდება და კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელი ხელსაწყოს შექმნაც მაშინვეა შესაძლებელი.

გაიცანით ინტელექტუალური სამომხმარებლო ინტერფეისი

GPT‑6 ისე გავწვრთენით, რომ პასუხებში ტექსტი, ვიზუალური მასალა და ინტერაქტიული ელემენტები გამოიყენოს და მათი შერწყმის გზა თქვენი შეკითხვის მიხედვით აირჩიოს. ინტელექტუალური სამომხმარებლო ინტერფეისის მეშვეობით პასუხები შეიძლება შეიცავდეს გრაფიკულ ელემენტებს, შეხებაზე რეაგირებად ღილაკებს, ფორმებს, დიაგრამებსა და ინტერაქტიულ ხელსაწყოებს, რომელთა გამოყენებაც პირდაპირ საუბარში შეგიძლიათ.

ფორმატი თქვენს შეკითხვაზეა დამოკიდებული. შესადარებლად შესაძლოა ინფორმაციის გვერდიგვერდ განთავსება სჯობდეს. ახსნილი საკითხი კი ინტერაქტიული სქემით უფრო ადვილად გასაგები გახდეს. ხოლო თუ ჩვეულებრივი ტექსტური პასუხი ყველაზე სასარგებლოა, ChatGPT სწორედ მას მოგაწვდით.

უფრო თვალსაჩინო პასუხები ყოველდღიურ შეკითხვებზე

ChatGPT‑ს შეუძლია გეგმის შესრულება გაგიმარტივოთ — გაჩვენოთ, როგორ უკავშირდება მისი ნაწილები ერთმანეთს. საკვირაო სადილისთვის ხორცის შეწვის განრიგი შეიძლება რეცეპტის გვერდით გამოჩნდეს, ავტომობილით მოგზაურობისას გასაჩერებელი ადგილები კი — რუკაზე, მინიშნებებით, თუ რის სანახავად ღირს გზიდან გადახვევა.

ისწავლეთ რთული საკითხები უფრო მარტივად

ვიზუალური და ინტერაქტიული ახსნა საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ, როგორ მუშაობს რაღაც, შეცვალოთ საწყისი მონაცემი და ნახოთ შედეგი, ან ამოცანა ნაბიჯ-ნაბიჯ ამოხსნათ.

შექმენით ინტერაქტიული ხელსაწყოები — უბრალოდ ითხოვეთ

ასევე შეგიძლიათ ChatGPT‑ს სთხოვოთ კონკრეტული ამოცანისთვის ხელსაწყოს შექმნა: მაგალითად, კალკულატორის, რომ ნახოთ, როგორ შეიძლება გაიზარდოს თქვენი დანაზოგი; მეგობრებთან ვახშმის ანგარიშის გასაყოფი ხელსაწყოს; ან თამაშის, რომელსაც პირდაპირ საუბარში ითამაშებთ.

როგორ მუშაობს ინტელექტუალური სამომხმარებლო ინტერფეისი

ინტელექტუალური სამომხმარებლო ინტერფეისით GPT‑6‑ს მივეცით თავისუფლება, ყოველი შეკითხვისთვის ყველაზე სასარგებლო ინტერფეისი შექმნას, ისე, რომ ვებსა და მობილურზე მუშაობა სწრაფი და ჩვეული დარჩეს.

შევქმენით პლატფორმაში ჩაშენებული, ნაკადურად გადაცემადი კომპონენტების ბიბლიოთეკა და კომპილატორი, რომელიც ინტერფეისს მოდელის მიერ მისი გენერირების პარალელურად ამუშავებს. ბიბლიოთეკა თითოეულ პასუხს ნაცნობი დიზაინის საფუძველს აძლევს, მოდელს კი უტოვებს არჩევანს, როგორ შეუხამოს ნაწილები ერთმანეთს. კომპილატორის წყალობით, ინტერფეისი თანდათან ჩნდება, მოდელის მიერ მისი გენერირების კვალდაკვალ — სრული პასუხის დასრულების ლოდინის გარეშე.

გავაფართოეთ წვრთნის მეთოდები, რათა მოდელს შიგთავსის, განლაგების, ვიზუალური მასალისა და ინტერაქციის შესახებ გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში დავხმარებოდით. ამის ფარგლებში ვაფასებდით, რამდენად გასაგები, სასარგებლო და სრულყოფილი იყო მის მიერ შექმნილი ინტერფეისები. GPT‑6‑მა ისწავლა კომპონენტების ბიბლიოთეკის გამოყენება და დიზაინის სწორი გადაწყვეტილებების მიღება: როგორ წარმოადგინოს ინფორმაცია გასაგებად, როდის გამოიყენოს ინტერაქტიულობა და როდის კმარა უბრალო ტექსტური პასუხი.

ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, რომ მოდელმა დიზაინის უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღოს და მეტის შექმნა შეძლოს, თუმცა ინტელექტუალური ინტერფეისი უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებაა იმაში, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები ChatGPT‑სთან. იმის ნაცვლად, რომ ყველა შეკითხვა საუბრის ერთსა და იმავე ფორმატს მოარგოს, ChatGPT‑ს შეუძლია ინტერფეისი, მონაცემები და მოქმედებები შეაერთოს და ადამიანებს ინფორმაციის შესწავლის, გაგებისა და მასთან ინტერაქციის სრულიად ახალი გზები შესთავაზოს.

მოწინავე ინტელექტი — უფრო სწრაფად

GPT‑6‑ით ChatGPT‑ს ასევე ვაძლევთ შესაძლებლობას, პასუხის გაცემა ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში დაიწყოს.

GPT‑5.6 Instant

GPT‑6 Instant

მსჯელობის მოდელების გამოჩენამ მომხმარებლებს გაცილებით რთულ ამოცანებში დახმარების მიღების საშუალება მისცა, თუმცა პასუხის მისაღებად მოდელის ფიქრის დასრულებას უნდა დალოდებოდნენ. ახლა ChatGPT‑ს შეუძლია ფიქრი და პასუხის გაცემა მონაცვლეობით განაგრძოს. ის ისე გავწვრთენით, რომ მომხმარებლის ლოდინის დრო გაითვალისწინოს და პასუხი თანდათან შეადგინოს თავისი ცოდნისა და იმ მომენტისთვის მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე. მან ისწავლა პასუხის რამდენიმე ნაწილად აგება ისე, რომ თითოეულმა სასარგებლო ინფორმაცია შემატოს ზედმეტი სიტყვების გარეშე, მთლიანი პასუხი კი ისეთივე თანმიმდევრული და ფაქტობრივად ზუსტი დარჩეს, როგორიც ერთიანად დაწერილი იქნებოდა.

მნიშვნელოვანი ყოველდღიური აგენტური ამოცანების შიდა შეფასებაში GPT‑6 დონით „ძალიან მაღალი“ პასუხს იმავე დროში იწყებს, რამდენშიც GPT‑5.6 დონით „საშუალო“, საერთო ქულით კი GPT‑5.6‑ს დონით „ძალიან მაღალი“ აჯობებს.

შეკითხვებზე, რომლებსაც ვებში ძიება სჭირდება, GPT‑6 „მყისიერი“ პასუხის გაცემას საშუალოდ 44%-ით უფრო ადრე იწყებს, ვიდრე GPT‑5.6 „მყისიერი“.

GPT‑6 ასევე აუმჯობესებს იმ პასუხების ხარისხს, რომლებიც ვებში ძიებას მოითხოვს. ის უკეთ წყვეტს, როდის მოიძიოს რამე და უფრო საიმედოდ პოულობს ინფორმაციას, რომელიც მის პასუხს ამყარებს. რთული ამოცანების შიდა შეფასებაში GPT‑6 მომხმარებლის შეკითხვის მთავარ ასპექტს უფრო ხშირად პასუხობდა სწორად, ვიდრე GPT‑5.6.

GPT‑6‑ის უსაფრთხოდ დანერგვა

უფრო გონიერ ხელოვნურ ინტელექტს მეტი ადამიანისთვის ვხდით ხელმისაწვდომს და თან ვმუშაობთ იმაზე, რომ მან უკეთ ამოიცნოს რეალური რისკები, უფრო გულწრფელად უპასუხოს და უკეთ დაიცვას ადამიანების მიერ დაწესებული საზღვრები. GPT‑6 თითოეულ ამ მიმართულებით წინ მიიწევს. Astra-ს უსაფრთხოების რამდენიმე მიღწევაზე დაყრდნობით, ის GPT‑5.6 Sol-თან შედარებით უკეთ უმკლავდება წვრთნით ჩამოყალიბებული უსაფრთხოების წესების გვერდის ავლის მცდელობებს, უკეთ იცავს დამცავ ზომებს და უფრო მკაფიოდ განმარტავს, რა შეუძლია და რა — არა. რეალური გამოყენების გამოცდილებაზე დაყრდნობით განვაახლეთ მისი უსაფრთხოების წვრთნა, რათა გაგვეძლიერებინა დაცვა მაღალი რისკის შემცველი ბოროტად გამოყენებისგან, რომელიც კიბერშეტევებს, ბიოლოგიურ საფრთხეებსა და ძალადობას უკავშირდება. შეტევითი ტესტირებისას GPT‑6 უფრო გამძლე აღმოჩნდა წვრთნით ჩამოყალიბებული უსაფრთხოების წესების გვერდის ავლის მცდელობების მიმართ, განსაკუთრებით ისეთი შეტევებისას, რომლებიც საუბრის რამდენიმე მიმოცვლის განმავლობაში იცვლება და ერგება მოდელის პასუხებს. GPT‑6 ასევე გაწვრთნილია, რომ მაღალი რისკის სიტუაციებში უსაფრთხოდ უპასუხოს და ამავე დროს უწყინარ მოთხოვნებზე უსაფუძვლო უარი არ თქვას. ამისთვის ის საუბრის ისტორიასა და შესაბამის კონტექსტსაც იყენებს, რათა ამოიცნოს რისკები, რომლებიც ცალკეული მოთხოვნიდან შესაძლოა არ ჩანდეს.

წვრთნის მთელი პროცესის განმავლობაში ვამოწმებდით, რამდენად შეესაბამებოდა მოდელის ქცევა დასახულ მიზნებს: ვაფასებდით მის გულწრფელობასა და უსაფრთხოების შეზღუდვებზე რეაგირებას. GPT‑6 უკეთ აცნობიერებს და განმარტავს საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს, მათ შორის მაშინაც, როცა პასუხის გასაცემად საჭირო ინფორმაცია ან ხელსაწყოები არ აქვს. შედეგებისა და ჩვენი მიმოხილვის შესახებ მეტ დეტალს გაეცნობით სისტემურ ბარათში⁠(იხსნება ახალ ფანჯარაში).

ხელმისაწვდომობა

დღეიდან GPT‑6 ინტელექტუალური ინტერფეისით მთელ მსოფლიოში ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი ChatGPT Plus, Pro, Business და Enterprise გეგმებისთვის, ჩანართში „ჩატი“. ხვალიდან ეტაპობრივი დანერგვა Free და Go გეგმებზეც გავრცელდება. Enterprise-ში ხელმისაწვდომობა ორგანიზაციის ადმინისტრატორის პარამეტრებზეა დამოკიდებული.

ChatGPT‑ში GPT‑6 Plus, Pro, Business და Enterprise გეგმებისთვის GPT‑6 Sol-ის ბაზაზე მუშაობს, Free და Go გეგმებისთვის კი — GPT‑6 Luna-ს ბაზაზე. ორივე ყოველდღიური საუბრებისთვისაა მორგებული.

ეს განახლება ChatGPT‑ის რეჟიმს „ჩატი“ ეხება. ამ გამოშვებაში არ იცვლება მოდელები, რომლებსაც რეჟიმი „მუშაობა“ და Codex ეფუძნება.

რა იქნება შემდეგ

ჩვენი მისიაა, ზოგადი ხელოვნური ინტელექტის სარგებელი უსაფრთხოდ მივაწოდოთ მთელ კაცობრიობას. GPT‑6 ინტელექტის სფეროში ჩვენს უახლეს მიღწევებს ხელმისაწვდომს ხდის 1,2 მილიარდზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც ChatGPT‑ს ყოველკვირეულად იყენებენ.

ინტელექტუალური ინტერფეისი კიდევ ერთი ნაბიჯია ისეთი ChatGPT‑ისკენ, რომელიც ინტერფეისს თქვენს მიზანს მოარგებს.

გვინდა, დროთა განმავლობაში ChatGPT‑მ უფრო მეტი ისეთი ინტერფეისი შექმნას, რომელიც ადამიანებს ყოველდღიური ამოცანებისთვის სჭირდებათ. თქვენ უნდა შეგეძლოთ აღწეროთ, რისი გაკეთება გსურთ და ამისთვის შექმნილ გარემოში იმუშაოთ.

ათწლეულების განმავლობაში ადამიანებს უწევდათ პროგრამების გამოყენების სწავლა და კონკრეტული ამოცანებისთვის შექმნილ, უცვლელ ინტერფეისებში გარკვევა. გვჯერა, რომ მომავალი განსხვავებული იქნება. ადამიანებს აღარ მოუწევთ პროგრამებს მოერგონ — პროგრამები მოერგება ადამიანებს.

ავტორი

OpenAI