OpenAI-ის ეკონომიკური კვლევების გუნდი სწავლობს, როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი (AI) დასაქმებულებზე, კომპანიებზე, ინსტიტუტებსა და მთლიანად ეკონომიკაზე. ამისთვის ვაერთიანებთ მკაცრ სამეცნიერო მეთოდებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ კვლევას, პროდუქტებისა და მათი გამოყენების მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვით ანალიზს, მომხმარებლებსა და ინსტიტუტებთან პარტნიორობასა და გარე მკვლევრებთან თანამშრომლობას.
ვიწყებთ OpenAI-ის ეკონომიკური კვლევების გაცვლის პროგრამას, რათა გარე მკვლევრებთან თანამშრომლობას ფორმალური ჩარჩო მივცეთ და მისი მასშტაბი გავაფართოოთ. პროგრამა მხარს დაუჭერს მკვლევრებთან მკაფიოდ განსაზღვრულ თანამშრომლობას AI-ის ეკონომიკური გავლენის შესახებ მაღალი ხარისხის ემპირიული კვლევების შესაქმნელად.
ვეძებთ პროექტებს, რომლებიც AI-სთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხს წამოჭრის და მკაფიოდ დაასაბუთებს, როგორ შეიძლება OpenAI-ის ინსტრუმენტების გამოყენების მონაცემებით ამ საკითხის გამორჩეული ემპირიული პერსპექტივიდან შესწავლა მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვით.
ველით წინადადებებს, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან მეტ ძირითად კითხვას ეხება. ეს სია ამომწურავი არ არის — მივესალმებით ძლიერ წინადადებებს, რომლებიც პროგრამის უფრო ფართო მიზნებს შეესაბამება:
გავლენა შრომის ბაზარზე: როგორ გავცდეთ მხოლოდ AI-ის პოტენციური ზემოქმედების შეფასებას და გავზომოთ, რომელ პროფესიებშია რეალურად მოსალოდნელი ან უკვე შესამჩნევი ადამიანის შესაძლებლობების გაძლიერება, მისი შრომის ჩანაცვლება, ახალი ამოცანების გაჩენა ან დასაქმების ზრდა მოდელის შესაძლებლობების გაუმჯობესების კვალდაკვალ?
დამსაქმებელთა ქცევა და სამუშაოს ორგანიზება: როგორ ცვლის AI დამსაქმებელთა ქცევას, მათ შორის კადრებზე მოთხოვნას, ვაკანსიების პირობების განსაზღვრას, კანდიდატების შერჩევას, ანაზღაურებასა და გუნდის სტრუქტურას? ცვლიან თუ არა კომპანიები სამუშაოს ორგანიზებას AI-ის გათვალისწინებით?
შინამეურნეობების კეთილდღეობა: როგორ მოქმედებს AI შინამეურნეობების კეთილდღეობაზე ფორმალური დასაქმების მიღმა, მათ შორის გადაწყვეტილებების მიღებაზე, დროის გამოყენებაზე, სხვებზე ზრუნვაზე, ფინანსურ დაგეგმვაზე, ჯანდაცვის სისტემაში გზის გაკვლევასა და ყოველდღიურ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე?
AI და განათლება: როგორ იყენებენ მასწავლებლები AI-ის ინსტრუმენტებს და იცვლება ან ფართოვდება თუ არა მათი როლი AI-ის გავლენით? როგორ ცვლის AI-სთან შეხება მოსწავლეებისა და სტუდენტების არჩევანს სწავლისა და კარიერისთვის მომზადების საკითხებში?
არათანაბარი წვდომა და სარგებელი: ვინ ვერ იღებს სარგებელს AI-ისგან და რატომ? რომელი ბარიერებია ყველაზე მნიშვნელოვანი და რით შეიძლება მათი დაძლევა?
მცირე ბიზნესი და დამოუკიდებელი საქმიანობა: როგორ მოქმედებს AI მცირე ბიზნესებზე, ფრილანსერებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, კონტენტის შემქმნელებსა და დამოუკიდებელი თუ არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის სხვა ფორმებზე?
საჯარო სექტორი და სამოქალაქო სფერო: რა ეკონომიკური გავლენა აქვს AI-ს საჯარო სექტორსა და სამოქალაქო სფეროში, მათ შორის საჯარო სექტორის პროდუქტიულობაზე, დახმარებებზე წვდომაზე, განათლების ადმინისტრირებაზე, დასაქმების სააგენტოებზე, ნებართვების გაცემაზე, საგადასახადო ადმინისტრირებასა და საჯარო სერვისების მიწოდებაზე?
ცოდნის შექმნა და ინოვაცია: როგორ ცვლის AI ცოდნის შექმნასა და ინოვაციურ საქმიანობას, მათ შორის მეცნიერებას, კვლევასა და განვითარებას, კვლევის სამუშაო პროცესებს, ექსპერტთა პროდუქტიულობას, პატენტებსა და უახლესი ცოდნის გავრცელებას?
ბაზრის სტრუქტურა: როგორ მოქმედებს AI-ის დანერგვა ბაზრის სტრუქტურაზე, მათ შორის კონცენტრაციაზე, კომპანიების უპირატესობაზე, პლატფორმებზე დამოკიდებულებაზე, მოლაპარაკების ძალაზე, მომწოდებლებთან ურთიერთობებსა და ბაზარზე შესვლის ბარიერებზე?
ღირებულების გაზომვა: როგორ უნდა გავზომოთ AI-ის ეკონომიკური ღირებულება, მათ შორის გადახდისთვის მზაობა, ქცევით გამოვლენილი ღირებულება, ცალკეულ ამოცანებზე დაზოგილი დრო, თავიდან აცილებული ხარჯები, ხარისხის გათვალისწინებით შეფასებული გამოშვება და პროდუქტიულობის მდგრადი ზრდა?
წინადადებები შეიძლება ერთ კითხვაზე იყოს ფოკუსირებული ან რამდენიმე დაკავშირებულ კითხვას აერთიანებდეს. განსაკუთრებით ვუჭერთ მხარს კვლევის ისეთ მიდგომებს, რომლებიც აღწერით კორელაციებს სცდება და მიზეზშედეგობრივი კავშირების სანდოდ გამოვლენას ემსახურება, როდესაც საკვლევი კითხვა ამგვარი დასკვნების გამოტანას მოითხოვს.
მიზანმიმართულად ვუჭერთ მხარს პროექტების პორტფელს, რომელიც სხვადასხვა ხანგრძლივობის კვლევებს მოიცავს:
მოკლევადიანი (2–6 თვე): სწრაფად შესასრულებელი კვლევები, რომლებიც პირველადი ნიშნების გამოსავლენად იყენებს არსებულ, ნებადართულ მონაცემებს, საჯარო მონაცემებს ან პარტნიორთა მონაცემების მკაფიოდ განსაზღვრულ ნაკრებს.
საშუალოვადიანი (6–12 თვე): კვლევები, რომლებიც დროთა განმავლობაში აკვირდება შედეგებს, ამოწმებს კონკრეტულ ინტერვენციებს ან იყენებს კვაზიექსპერიმენტულ ვარიაციას.
განმცხადებლებმა უნდა მიუთითონ, რომელ ვადაზეა გათვლილი მათი წინადადება და რატომ შეესაბამება ეს ხანგრძლივობა საკვლევ კითხვას.
თითოეული შერჩეული პროექტი მიიღებს:
ერთჯერად კვლევით გრანტს მთავარი მკვლევრისთვის ან მკვლევრებისთვის: 25 000 აშშ დოლარი
მკვლევრის ასისტენტის ყოველთვიურ სტიპენდიას ან კონტრაქტორის ანაზღაურებას: 7 500 აშშ დოლარი
წვდომას პროდუქტებისა და მათი გამოყენების ნებადართულ, კონფიდენციალურობის მხრივ უსაფრთხო მონაცემებზე გაუთქმელობის შეთანხმების (NDA) საფუძველზე, მონაცემთა მართვის, კონფიდენციალურობის, სამართლებრივი და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.
შიდა მხარდაჭერის განსაზღვრულ მექანიზმს პროექტის ფარგლების დასადგენად, სამუშაო პროცესში ჩასართავად, მონაცემებზე ნებართვების მისაღებად, ნაშრომების განსახილველად და შედეგების გასავრცელებლად.
ეს სტრუქტურა შექმნილია კოორდინაციის ხარჯების შესამცირებლად, განხორციელების დასაჩქარებლად და მკვლევართა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ამავდროულად პროექტის განხორციელებადობის უზრუნველსაყოფად. გარე თანამშრომლობის ფარგლებში უშუალო ანალიზი მოწვეულმა მკვლევარმა ან მისმა ასისტენტმა უნდა შეასრულოს. პროექტისთვის სპეციფიკური მონაცემების ამოსაღებად ან გასაანალიზებლად ისინი ეკონომიკური კვლევების გუნდს არ უნდა დაეყრდნონ.
დაფინანსებულ პროექტებს უნდა ჰქონდეს მკაფიო შუალედური ეტაპები და არა მხოლოდ საბოლოო ნაშრომები. მკვლევრებს, სულ მცირე, მოეთხოვებათ:
პროექტის გრაფიკთან დაკავშირებული ძირითადი ეტაპების განსაზღვრა, როგორიცაა კვლევის გეგმის საბოლოოდ დამტკიცება, მონაცემებზე წვდომა, შუალედური ანალიზი და მასალის სამუშაო ვერსიის მომზადება.
ანალიზის დაწყებამდე სამუშაო პროცესში ჩართვის, ხელშეკრულების გაფორმებისა და მონაცემებზე ნებადართული წვდომის მიღების პროცედურების დასრულება.
შუალედური მიგნებების გაზიარება OpenAI-ის ეკონომიკური კვლევების გუნდისთვის.
კვლევის შედეგების პერიოდულ წარდგენაში ან კონსორციუმის განხილვებში მონაწილეობა.
სულ მცირე ერთი წერილობითი მასალის შექმნა, როგორიცაა მოხსენებითი ბარათი, სამუშაო ნაშრომი, პუბლიკაციის პროექტი, საჯარო მოკლე ანგარიში, შეფასების ეტალონი ან მონაცემთა ნაკრების დოკუმენტაცია.
გარე კომუნიკაციის ან პუბლიკაციის კოორდინაცია OpenAI-სთან შეთანხმებული განხილვის პროცედურის მეშვეობით.
უპირატესობას ვანიჭებთ სამუშაოს, რომელიც მჭიდრო უკუკავშირს ქმნის ემპირიულ მტკიცებულებებს, ორგანიზაციის შიგნით ცოდნის დაგროვებასა და ეკონომიკური კვლევების ეკოსისტემას შორის.
წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
შესაბამისობა ეკონომიკური კვლევების გუნდის პრიორიტეტულ კითხვებთან
მეთოდოლოგიური სიმკაცრე და სანდოობა
განხორციელებადობა პროექტის ფარგლების, მონაცემების, კონფიდენციალურობის, სამართლებრივი და დროითი შეზღუდვების გათვალისწინებით (მაგალითად, საუბრის მონაცემებს არავითარ შემთხვევაში არ გავაზიარებთ)
ეტაპებისა და ანგარიშგების გეგმების სიცხადე
პროგრამის მუშაობის მოდელთან შესაბამისობა, მათ შორის იმის გათვალისწინებით, თუ ვინ შეასრულებს უშუალო სამუშაოს
პოტენციალი, წვლილი შეიტანოს AI-ის ეკონომიკური გავლენის შესახებ სანდო გარე მტკიცებულებების შექმნაში
პოტენციალი, გამოიყენოს OpenAI-ის ნებადართული მონაცემები ინოვაციურად და კონფიდენციალურობის დაცვით
უპირატესობას მივანიჭებთ წინადადებებს შემდეგი მკვლევრებისგან:
მკვლევრები, რომლებსაც უკვე აქვთ პუბლიკაციები მათ მიერ შემოთავაზებულ კვლევით მიმართულებებში
მკვლევრები, რომლებსაც აქვთ წვდომა უნიკალურ მონაცემებზე, რაც ამბიციურ თანამშრომლობას შეუწყობდა ხელს
მკვლევრები შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობას კვლევის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესში. მიგნებების გარე გამოცემებში გამოქვეყნება ან საჯარო გამოყენება OpenAI-სთან კოორდინაციით მოხდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სიზუსტე, კონფიდენციალურობის დაცვა, კანონმდებლობასთან შესაბამისობა და სათანადო კონტექსტი. სანდო გაზომვების გარეშე საჯარო მტკიცებებს არ გავაკეთებთ.
წინადადებები უნდა წარადგინოთ ამ ფორმის მეშვეობით, დამატებითი ინფორმაცია კი — Google-ის ერთ დოკუმენტზე ბმულის სახით. წინადადება არ უნდა აღემატებოდეს სამ გვერდს, ბიბლიოგრაფიისა და დანართების გამოკლებით. თითოეული წინადადება უნდა მოიცავდეს:
საკვლევ კითხვებსა და კვლევის მოტივაციას
პროგრამის ერთ ან მეტ პრიორიტეტულ კითხვასთან შესაბამისობას
შემოთავაზებულ მეთოდოლოგიასა და ემპირიულ სტრატეგიას
საჭირო მონაცემებს, მათ შორის OpenAI-ის ინსტრუმენტების გამოყენების კონკრეტულ ნებადართულ მაჩვენებელს, რომელიც AI-ის შესახებ უფრო ფართო კითხვაზე პასუხის გაცემას შეუწყობდა ხელს, და აღწერას, თუ როგორ დაიცავს კვლევის მიდგომა კონფიდენციალურობას
დაგეგმილ ვადებსა და ძირითად ეტაპებს
კვლევითი გუნდის შემადგენლობასა და შეთავაზებული ასისტენტის ან მოწვეული მკვლევრის პროფილს
მოსალოდნელ წვლილს ემპირიული მტკიცებულებების შექმნაში, ორგანიზაციის შიგნით ცოდნის დაგროვებასა და ნებადართულ საჯარო კომუნიკაციაში
პროექტის ფარგლების განსაზღვრას, მკაფიო მითითებით, თუ რომელი ანალიზი, შესაქმნელი მასალა, გეოგრაფიული არეალი და დაინტერესებული მხარე შედის ამ ფარგლებში და რომელი — არა
წარმატების კრიტერიუმებს, წარუმატებლობის განმსაზღვრელ პირობებს, სხვა ფაქტორებზე დამოკიდებულებებს, შეზღუდვებსა და რესურსების გამოყოფის ვალდებულებებს
წინადადებების მიღების გამოცხადება: 2026 წლის 8 ივნისი
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ივლისი
წინადადებებზე გადაწყვეტილებების გამოქვეყნება: 2026 წლის 31 ივლისი
სამართლებრივი შენიშვნა: წინადადებების მიღების ეს განცხადება მხოლოდ საინფორმაციო და შეფასების მიზნებს ემსახურება და არ წარმოშობს იურიდიულად სავალდებულო ვალდებულებას არც OpenAI-ისა და არც რომელიმე განმცხადებლისთვის. აქ აღწერილი ყველა პირობა წინასწარია და შეიძლება შეიცვალოს. წინადადების წარდგენა ან OpenAI-ის ეკონომიკური კვლევების გაცვლის პროგრამაში მონაწილეობისათვის შერჩევა არ წარმოშობს დაფინანსების, ანაზღაურების ან თანამშრომლობის მოთხოვნის უფლებას. ნებისმიერი ასეთი ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ OpenAI-სა და შერჩეულ მხარეს შორის საბოლოო წერილობითი შეთანხმების გაფორმების შემდეგ.