OpenAI

24 ნოემბერი, 2026

iFood-ის კოდის აგენტები 15 000 რეპოზიტორიუმში

კომპანიის ზომა: საწარმო
რეგიონი: ლათინური ამერიკა
ინდუსტრია: ტექნოლოგია
პროდუქტები: API

15 000

კოდის რეპოზიტორიუმი iFood-ში

25 000+

პლატფორმის მიერ დასრულებული გაშვება

0,04 აშშ დოლარი

მოდელის გამოთვლების საშუალო ფასი თითო გაშვებაზე

2-ჯერ+

მეტი აღმოფხვრილი მოწყვლადობა უსაფრთხოების პლატფორმის მეშვეობით

დისტანციური აგენტების პლატფორმამ საინჟინრო ამოცანები API-ის გამოძახებებად აქცია: გუნდები სამუშაოს აბარებენ, ის დისტანციურ იზოლირებულ გარემოში სრულდება, შედეგი კი კოდის შერწყმის მოთხოვნად ბრუნდება. უსაფრთხოების შიდა პლატფორმაზე აღმოფხვრილი მოწყვლადობების რაოდენობა ორჯერ და მეტად გაიზარდა.

გამოწვევა ამოცანა კი არა, მასშტაბია

iFood კოდის 15 000-ზე მეტ რეპოზიტორიუმს მართავს. თითოეულში პერიოდულად საჭიროა კოდის შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება, მოწყვლადი დამოკიდებულებების გასწორება ან ანალიზი.

ცალ-ცალკე ეს ამოცანები რთული არ არის. სირთულე მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად ჩნდება.

„ამის მოგვარება ერთ რეპოზიტორიუმში ადვილია. გამოწვევა დიდ მასშტაბზე მუშაობაა“, — ამბობს ვიქტორ კოელიო, iFood-ის პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი. „დისტანციური აგენტების პლატფორმა იმისთვის შეიქმნა, რომ ეს საკითხი 15 000-ვე რეპოზიტორიუმში მოვაგვაროთ“.

პლატფორმამდე თითოეული გუნდი პრობლემას თავისებურად აგვარებდა, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე დაბრკოლებას აწყდებოდა.

„მანამდე ფრაგმენტული გადაწყვეტები გვქონდა. წარმოიდგინეთ iFood-ის რამდენიმე გუნდი, რომლებიც სხვადასხვა პრობლემას აგვარებენ, მაგრამ არ აქვთ ეს შრე — აგენტების შესრულების გარემო. საბოლოოდ, ამ გადაწყვეტებში ყოველთვის ერთი და იგივე პრობლემა იჩენდა თავს“.

ინტელექტი ან გამოყენების შემთხვევები კი არ აკლდათ, არამედ შესრულების ინფრასტრუქტურა. სპეციალური შესრულების გარემო.

„გუნდებს შეუძლიათ ბიზნესპრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირდნენ, შესრულება კი ჩვენს პლატფორმას მიანდონ“.
—ვიქტორ კოელიო, პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი, iFood

კოდის აგენტი ღრუბელში, ხელმისაწვდომი API-ით

გუნდი დისტანციური აგენტების პლატფორმას აღწერს, როგორც API-ს, რომელიც აგენტური პროგრამირების დისტანციურ ამოცანას უშვებს. ციკლი სამსაფეხურიანია: მომხმარებელი REST-გამოძახებით აგზავნის მოთხოვნასა და გარემოს პარამეტრებს; პლატფორმა ამოცანას იზოლირებულ გარემოში, გამოყოფილ დისტანციურ შემსრულებელზე ამუშავებს; შედეგს მოგვიანებით იღებენ.

„პლატფორმის შესასვლელი წერტილი, მისი ინტერფეისი, მარტივი REST API-ა. ამ API-ით მომხმარებლებს საჭირო გაშვებების შექმნა შეუძლიათ. მთელ სასიცოცხლო ციკლს შიგნით ვმართავთ, შესრულებას კი იზოლირებულ გარემოებს ვაბარებთ“, — განმარტავს ის. ამოცანის მიმდინარეობის მონიტორინგი რეალურ დროშია შესაძლებელი.

შემსრულებლის შიდა სტრუქტურაში ორი ტიპის ნაბიჯი მონაცვლეობს — ეს კომბინაცია მთელ პროცესს პროგნოზირებადს ხდის.

პროცესი დეტერმინისტული ნაბიჯებით იწყება და სრულდება: დასაწყისში — რეპოზიტორიუმის კლონირება, აგენტისთვის ხელმისაწვდომი უნარების იმპორტი და სამუშაო განშტოების გამართვა; ბოლოს — შერწყმის მოთხოვნის გამოქვეყნება და შექმნილ არტეფაქტებზე წვდომის უზრუნველყოფა. მათ შორის ამოცანას აგენტი ასრულებს: იზოლირებულ გარემოში GPT‑5.6 Luna მუშაობს.

„სამუშაო პროცესში ეს ორი რამ ერთიანდება: დეტერმინისტული ნაბიჯები და აგენტის მიერ შესრულება“.

იზოლირებულ გარემოში Ubuntu მუშაობს. ის მოიცავს iFood-ის ეკოსისტემისთვის საჭირო ინსტრუმენტთა ნაკრებებს — Python, Java, Kotlin, C#, TypeScript, Rust, JavaScript და Go — და ზოგადი დანიშნულების ხელსაწყოებს. იზოლირებული გარემოს მიღმა აგენტს წვდომა აქვს Nexus-ზე, GitLab-ზე, Docker-ზე, Snyk-ზე, Kubernetes-სა და AWS-ზე.

რატომ GPT‑5.6 Luna

მოდელი არა ერთი, არამედ სამი ფაქტორის ერთობლივი შეფასებით შეარჩიეს.

„GPT‑5.6 Luna ავირჩიეთ, რადგან იმავე ეტაპზე მყოფ მოდელებს შორის ტესტებში ინტელექტის, ეფექტიანობისა და შესრულების სისწრაფის — ამოცანების სწრაფად დასრულების — შესანიშნავი ბალანსი აჩვენა. GPT‑5.6 Luna ამ სამი თვისების ერთობლიობის გამო ავირჩიეთ“.

მასშტაბირებისთვის შექმნილ პლატფორმაზე ეს ბალანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთჯერადი გამოყენებისას. ათიათასობით ტოკენის მოხმარებისას თითო გაშვების საშუალო ფასი — ოთხი ამერიკული ცენტი — წვრილმანი აღარ არის და არქიტექტურის დაგეგმვის ფაქტორად იქცევა.

„ვგეგმავთ, პლატფორმა iFood-ში ბევრ სხვადასხვა ამოცანას მოვარგოთ. OpenAI-ის მოდელის ეფექტიანობისა და ინტელექტის ბალანსი ამ მასშტაბის მდგრადად გაზრდის საშუალებას გვაძლევს“.
—ვიქტორ კოელიო, პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი, iFood

როგორ გავიგოთ, შეასრულა თუ არა აგენტმა ამოცანა

შესრულების მასშტაბური დელეგირება ახალ გამოწვევას ქმნის: ავტომატურად უნდა დადგინდეს, გააკეთა თუ არა აგენტმა ის, რაც ევალებოდა.

iFood ამ საკითხს სესიის შემდგომ ეტაპზე აგვარებს. შესრულების შემდეგ შედეგი OpenAI-ის სტრუქტურირებული შედეგების მეშვეობით მუშავდება, რაც მის წინასწარ განსაზღვრულ ფორმატთან შესაბამისობას მოითხოვს.

„შედეგს სტრუქტურირებული შედეგების მეშვეობით ვამუშავებთ, რაც პასუხის წინასწარ განსაზღვრულ ფორმატთან შესაბამისობას უზრუნველყოფს. აგენტის სესიიდან მიღებულ შედეგებს პასუხის მოსალოდნელ სტრუქტურაში ვპოულობთ. ეს გაურკვევლობას ამცირებს და გვაძლევს გარანტიას, რომ აგენტის სესიიდან ყოველთვის მივიღებთ პასუხს — დადებითს თუ უარყოფითს“.
—ვიქტორ კოელიო, პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი, iFood

პირველი მსხვილი მომხმარებელი: უსაფრთხოება

პლატფორმას უკვე იყენებს iFood-ის უსაფრთხოების შიდა პროდუქტი, რომელიც 15 000 რეპოზიტორიუმში მოწყვლად დამოკიდებულებებს ეძებს და მათ გასწორებას ცდილობს.

მიგრაციას პირდაპირი შედეგი მოჰყვა: „ჩვენი პლატფორმით ცვლილებების, შესწორებების სიზუსტე ორჯერ და მეტად გაიზარდა“, — ამბობს კოელიო.

ეს მაგალითი პლატფორმის იდეას ასახავს: უსაფრთხოების გუნდს არც აგენტების შესრულების საკუთარი გარემოს შექმნა დასჭირდა და არც მათი ორკესტრირების ექსპერტად ქცევა. მხოლოდ API-ის გამოძახება იყო საჭირო.

ასინქრონული შესრულება დეველოპერებს დროს უთავისუფლებს

გუნდი ხაზს უსვამს არა დეველოპერების ჩანაცვლებას, არამედ იმას, თუ რისთვის ათავისუფლებს მათ ასინქრონული შესრულება.

დელეგირებული ამოცანა ზედამხედველობის გარეშე სრულდება, ამიტომ დეველოპერს მის მონიტორინგზე ყურადღების დახარჯვა აღარ უწევს.

„შეხვედრის დროს შეუძლიათ გაუშვან კოდის გასწორება, წარმადობის ანალიზი ან სხვა შედარებით რუტინული ამოცანა — საქმე, რომლის დელეგირებაც იმ მომენტში მონიტორინგის გარეშე შეიძლება“.

რუტინულ სამუშაოს გუნდის ყურადღება აღარ მიაქვს. დრო რჩება საკითხებისთვის, რომლებსაც განსჯა სჭირდება.

„პროდუქტიულობის ამ ზრდას ისე მიაღწევთ, რომ მუშაობის პროცესში მონიტორინგი აუცილებელი არ იქნება“.
—ვიქტორ კოელიო, პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი, iFood

შთამაგონებელი API-ების ნიმუშზე შექმნილი

დისტანციური აგენტების პლატფორმა შიდა შრედ შეიქმნა — იმის მსგავსად, თუ როგორ ხდის OpenAI ამ ტიპის ამოცანებს გარე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომს.

„დისტანციური აგენტების პლატფორმის შთაგონების წყარო OpenAI-ის API-ები იყო: Batch API და კიდევ უფრო ახალი პროდუქტი, Agents API. შევქმენით მათი მსგავსი პლატფორმა, ოღონდ iFood-ის შიდა მოხმარებისთვის“.

მათი გავლენა მხოლოდ კონცეფციით არ შემოიფარგლა. ის ინტერფეისების დიზაინს, რესურსების ორგანიზებასა და ასინქრონული შესრულების მიდგომასაც შეეხო, სადაც შედეგებს მოგვიანებით იღებენ.

„ჩვენი გადაწყვეტის შექმნისას უშუალოდ ამ პროდუქტებით ვიხელმძღვანელეთ“.
—ვიქტორ კოელიო, პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი, iFood

შედეგები მოკლედ

  • პლატფორმამ 25 000-ზე მეტი ამოცანა შეასრულა და 27 მილიარდზე მეტი ტოკენი მოიხმარა; თითო გაშვების საშუალო ღირებულება 0,04 აშშ დოლარია.

  • დისტანციური აგენტების პლატფორმაზე გადასვლის შემდეგ უსაფრთხოების შიდა პლატფორმამ ორჯერ და მეტად გაზარდა როგორც შესწორებების სიზუსტე, ისე აღმოფხვრილი მოწყვლადობების რაოდენობა.

  • პლატფორმა iFood-ის კოდის 15 000-ზე მეტ რეპოზიტორიუმს მოიცავს.

  • ყველა გაშვება იყენებს GPT‑5.6 Luna-ს, რომელიც ინტელექტის, ეფექტიანობისა და სისწრაფის ბალანსით შეირჩა.

  • სტრუქტურირებული შედეგები უზრუნველყოფს, რომ ყოველი სესიის შედეგი — დადებითი თუ უარყოფითი — წინასწარ განსაზღვრულ ფორმატს შეესაბამებოდეს.

  • პროდუქტის გუნდები ფრაგმენტული გადაწყვეტების შექმნიდან REST API-ით აგენტებისთვის შესრულების დელეგირებაზე გადავიდნენ.

გაკვეთილები ხელმძღვანელებისთვის

  • ხშირად დაბრკოლება შესრულების გარემოა და არა გამოყენების შემთხვევა. რამდენიმე გუნდმა უკვე იცოდა, რისი ავტომატიზაცია სურდა; მათ ამისთვის შესრულების გარემო აკლდათ.

  • შეუთავსეთ დეტერმინისტული ნაბიჯები აგენტის მიერ შესრულებას. კლონირებას, გამოქვეყნებასა და არტეფაქტებზე წვდომის უზრუნველყოფას მოდელი არ სჭირდება; მათ შორის მოქცეულ რთულ ამოცანას — სჭირდება.

  • თითო გაშვების ფასი არქიტექტურულ გადაწყვეტილებად განიხილეთ. დიდ მასშტაბზე ამოცანის ფასი განსაზღვრავს, რისი ავტომატიზაციაა გამართლებული.

  • მოითხოვეთ შედეგების განსაზღვრულ ფორმატთან შესაბამისობა. სტრუქტურირებული პასუხის გარეშე დიდ მასშტაბზე ვერ დაადგენთ, მიაღწია თუ არა აგენტმა მიზანს.

  • პროდუქტიულობას რეალურად ასინქრონული შესრულება ზრდის. მთავარი სარგებელი მონიტორინგის საჭიროების მოხსნაა და არა ზედამხედველობის ქვეშ სამუშაოს უფრო სწრაფად დასრულება.

რჩევები

  • აგენტური შესაძლებლობები შიდა API-ით გახადეთ ხელმისაწვდომი, რათა სხვა გუნდებს ინფრასტრუქტურის თავიდან შექმნა არ დასჭირდეთ.

  • თითო გაშვებას გამოუყავით იზოლირებული გარემო, თქვენი ეკოსისტემის წინასწარ დაყენებული ინსტრუმენტებით.

  • მოდელი ინტელექტის, ფასისა და სისწრაფის ერთობლივი შეფასებით შეარჩიეთ და არა ერთი ტესტის მიხედვით.

  • წარმატებისა და წარუმატებლობის ავტომატურად გასარჩევად გამოიყენეთ სტრუქტურირებული შედეგები.

  • დაიწყეთ შიდა მომხმარებლით, რომელსაც მკაფიო პრობლემა და დიდი დატვირთვა აქვს — iFood-ში ეს უსაფრთხოების პლატფორმა იყო.

შემდეგი ნაბიჯები

გუნდი პლატფორმის iFood-ის მრავალ სხვა ამოცანაზე გავრცელებას გეგმავს: უფრო მეტი შიდა პროდუქტი მიანდობს მას აგენტურ შესრულებას. ამ გაფართოების მდგრადობას თითო ამოცანის ღირებულება განსაზღვრავს.

შეუერთდით შრომის ახალ ერას

მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონზე მეტი ბიზნესი OpenAI-ის დახმარებით მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს.

მიიღეთ OpenAI-ის სიახლეები ბიზნესისთვის

პროდუქტის სიახლეები, პრაქტიკული გზამკვლევები, დაგეგმილი ღონისძიებები და სხვა.

გამოწერით ეთანხმებით OpenAI-ისგან ელწერილების მიღებას. გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. წაიკითხეთ ჩვენი კონფიდენციალურობის წესები⁠.