გადადით მთავარ შინაარსზე
OpenAI

27 აგვისტო, 2026

კომპანია

უკეთესი პასუხები, ფართო აზროვნება: ChatGPT‑ისა და კრიტიკული აზროვნების სწავლების სარგებელი

1,000-ზე მეტი სტუდენტის მონაწილეობით ჩატარებულ რანდომიზებულ ექსპერიმენტში ChatGPT‑ზე წვდომამ და მიზეზობრივი მსჯელობის სწავლებამ მათი ნამუშევრები ურთიერთშემავსებელი გზებით გააუმჯობესა.

იტვირთება…

რა ხდება, როცა სტუდენტები რეალურ დავალებაზე მუშაობისას ChatGPT‑ს იყენებენ? ხარისხის გაუმჯობესება ორიგინალურობის ხარჯზე ხდება?

ბოკონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა OpenAI Economic Research-თან თანამშრომლობით ახალი ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ChatGPT‑ზე წვდომასა და კრიტიკული აზროვნების სწავლებას განსხვავებული, ურთიერთშემავსებელი ეფექტები აქვს. ChatGPT‑ზე წვდომამ სტუდენტების ნაშრომების ხარისხი და თანმიმდევრულობა გააუმჯობესა, ხოლო მიზეზობრივი მსჯელობის სავარჯიშომ — კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთმა ფორმამ — მათ უფრო უნიკალური იდეების შექმნისკენ უბიძგა. სტუდენტებს, რომლებსაც ChatGPT‑ზეც ჰქონდათ წვდომა და სწავლებაც გაიარეს, ორივე ეფექტი გამოუვლინდათ.

შედეგები ასევე ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების პროგრესის შეფასებისას ჰოლისტური მიდგომა. რადგან AI სტუდენტებს დახვეწილი პასუხების მომზადებას უადვილებს, შესაძლოა დავალებები ისე შეიცვალოს, რომ სხვა სასურველი თვისებებიც, მაგალითად ორიგინალურობა, შეფასდეს. 

AI სტუდენტებს ცოდნის დეფიციტის შემცირებაში დაეხმარა

ექსპერიმენტში ბოკონის უნივერსიტეტის 1,000-ზე მეტი პირველკურსელი მონაწილეობდა. ისინი რეალურ ბიზნესქეისზე მუშაობდნენ და უნივერსიტეტის სუვენირების მაღაზიისთვის მარკეტინგულ რეკომენდაციებს ამზადებდნენ.

სტუდენტები სასწავლო ჯგუფების მიხედვით შემთხვევითად განაწილდნენ ოთხ ჯგუფად: მათ ჰქონდათ წვდომა ChatGPT‑ზე (GPT‑4o), გაიარეს მიზეზობრივი მსჯელობის სწავლება, მიიღეს ორივე ან არცერთი. მიზეზობრივი მსჯელობა კრიტიკული აზროვნების კონკრეტული ფორმაა, რომელიც მიზეზისა და შედეგის დაკავშირებასა და იმის ახსნას გულისხმობს, თუ რატომ შეიძლება იმუშაოს ან არ იმუშაოს მოცემულმა გადაწყვეტილებამ. სტუდენტების სწავლება AI-ს არ უკავშირდებოდა. მათ მიზეზობრივი მსჯელობის ცნებებს თამაშის, მაგალითების, კითხვებისა და უკუკავშირის შემცველი სავარჯიშოთი ასწავლიდნენ. 

სტუდენტების ნამუშევრები სპეციალურად მომზადებულმა შემფასებლებმა ხუთქულიანი რუბრიკით შეაფასეს. ცალკე მკვლევრებმა ტექსტის ავტომატური ანალიზით გაზომეს თითოეულ ნამუშევარში იდეების რაოდენობა და მრავალფეროვნება, მიზეზობრივი მსჯელობის ნიშნები და მსგავსება სამი ექსპერტის ნამუშევრებთან. 

დიაგრამა სათაურით „ChatGPT-ზე წვდომასა და კრიტიკული აზროვნების სწავლებას სტუდენტებისთვის ურთიერთშემავსებელი სარგებელი ჰქონდა“. ოთხი ჯგუფი შედარებულია ChatGPT-ზე წვდომისა და მიზეზობრივი მსჯელობის სწავლების მიხედვით; ორივეს მიმღებ ჯგუფში მსჯელობის უნარები ყველაზე მეტად გაუმჯობესდა.

სტუდენტებმა, რომლებსაც ChatGPT‑ზე წვდომა ჰქონდათ, ხუთქულიან სკალაზე თითქმის მთელი ქულით უკეთესი შედეგი მიიღეს. მათი პასუხები მეტ იდეას შეიცავდა, უფრო მკაფიო ლოგიკას მიჰყვებოდა და მეტად ჰგავდა ექსპერტების მიერ დაწერილ რეკომენდაციებს. სხვა სიტყვებით, AI დამწყებებს უფრო პროფესიონალური ნამუშევრების შექმნაში დაეხმარა. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები დავალებებს უბრალოდ ChatGPT‑ს არ აბარებდნენ შესასრულებლად. მათ კვლავ თავად უნდა გადაეწყვიტათ, რა ეკითხათ, შეეფასებინათ პასუხები და აერჩიათ, რას შეიტანდნენ საბოლოო ნამუშევარში. 

კრიტიკული აზროვნების სწავლება სტუდენტებს სხვაგვარად დაეხმარა

კრიტიკული აზროვნების სავარჯიშომ უფრო მოულოდნელი შედეგი გამოიღო. სტუდენტები, რომლებმაც სავარჯიშო შეასრულეს, უფრო მკაფიოდ ხსნიდნენ, რატომ შეიძლებოდა მათი იდეები წარმატებული ყოფილიყო და რა შემთხვევაში ვერ იმუშავებდა ისინი. თუმცა შეფასების რუბრიკაში მათ უკეთესი ქულები არ მიუღიათ, რადგან ის მხოლოდ იმას ზომავდა, რამდენად კარგად პასუხობდა რეკომენდაციები ორ სტანდარტულ მარკეტინგულ მიზანს: უნივერსიტეტის მაღაზიის ცნობადობისა და გამოყენების გაზრდას.

ტექსტის ანალიზმა კიდევ ერთი სარგებელი გამოავლინა, რომელიც რუბრიკამ ვერ ასახა. საერთო ჯამში, სტუდენტებმა, რომლებმაც სავარჯიშო შეასრულეს, უფრო მრავალფეროვანი იდეები შექმნეს და მათი ნააზრევი თანატოლების ნამუშევრებისგან მეტად განსხვავდებოდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტრადიციულმა რუბრიკამ, როგორიც ამ ექსპერიმენტში გამოიყენეს, შეიძლება მკაფიო და კარგად სტრუქტურირებული პასუხი წაახალისოს, თუმცა ვერ შეამჩნიოს, მოიფიქრა თუ არა სტუდენტმა იდეა, რომელიც სხვას არავის ჰქონია.

AI-ზე წვდომას აზროვნების უნარების შევსება შეუძლია

განათლებაზე დისკუსიისას შეიძლება საკითხი არჩევანამდე დავიყვანოთ: სტუდენტებმა დამოუკიდებლად აზროვნება უნდა ისწავლონ თუ AI-ის გამოყენება.

ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს, რომ ორივე სხვადასხვა მხრივ ღირებულია. AI-ზე წვდომა სტუდენტებს დაეხმარა, შეექმნათ უფრო დახვეწილი, იდეებით მდიდარი და ლოგიკურად თანმიმდევრული პასუხები. კრიტიკული აზროვნების სწავლებამ მათ უფრო მრავალფეროვანი და ორიგინალური იდეების შემუშავებისკენ, ვარაუდების ეჭვქვეშ დაყენებისა და იმის ახსნისკენ უბიძგა, თუ რატომ უნდა იმუშაოს მათმა იდეებმა.

ერთად ისინი ერთმანეთს ავსებენ. 

სტუდენტებს, რომლებსაც ChatGPT‑ზეც ჰქონდათ წვდომა და კრიტიკული აზროვნების სავარჯიშოც შეასრულეს, ორივეს სარგებელი გამოუვლინდათ. მათი იდეების მრავალფეროვნება ისეთივე იყო, როგორიც მხოლოდ სავარჯიშოს შემსრულებელი სტუდენტებისა. რუბრიკით მიღებული ქულები და იდეების რაოდენობა კი მხოლოდ ChatGPT‑ზე წვდომის მქონე სტუდენტების შედეგების მსგავსი იყო. მათი ნამუშევრები ასევე გამოირჩეოდა უფრო ძლიერი ლოგიკური თანმიმდევრულობით, ახსნა-განმარტებების ძიებისა და ვარაუდების ეჭვქვეშ დაყენების მეტი ნიშნით. საერთო ჯამში, ამ ჯგუფმა გაუმჯობესება ყველაზე მეტ მაჩვენებელში აჩვენა. 

ექსპერიმენტის რანდომიზებულმა დიზაინმა მკვლევრებს ამ განსხვავებული ფაქტორების სიღრმისეულად შესწავლის საშუალება მისცა: მათ ერთმანეთისგან გამიჯნეს ChatGPT‑ზე წვდომის, კრიტიკული აზროვნების სავარჯიშოსა და მათი კომბინაციის ეფექტები. ამიტომ ექსპერიმენტი განსაკუთრებით სასარგებლო წვლილია სწრაფად მზარდ კვლევებში, რომლებიც შეისწავლის AI-ის გავლენას სტუდენტებზე და მათი სწავლის საუკეთესოდ ორგანიზებისა და მხარდაჭერის გზებს. 

გამოწვევა სკოლებისთვის

სავარჯიშოს რეალურ გავლენასა და ტრადიციული რუბრიკით დაფიქსირებულ შედეგებს შორის სხვაობა სკოლების წინაშე არსებულ უფრო ფართო გამოწვევაზე მიუთითებს. 

თუ AI სტუდენტებს დახვეწილი, ექსპერტის ნამუშევრის მსგავსი პასუხების შექმნაში ეხმარება, მხოლოდ საბოლოო პასუხის განხილვა ნაკლებად გვიჩვენებს, სინამდვილეში რა ესმის სტუდენტს. 

ბევრი პედაგოგი უკვე ცდილობს გაუმკლავდეს იმ მოცემულობას, რომ შესაძლოა დავალებებისა და შეფასების შეცვლა გახდეს საჭირო. ეს აგრძელებს ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტენდენციას, როცა ტექნოლოგია და განათლება ერთად ვითარდება, რათა სტუდენტებს თანამედროვე საზოგადოებისთვის საჭირო უნარების შეძენაში დაეხმაროს.

ეს შედეგები ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების წახალისება ისეთი ნამუშევრებისთვის, რომლებშიც ჩანს ორიგინალურობა, მსჯელობა და მრავალი მიდგომის გათვალისწინება — და არა მხოლოდ ყველაზე გავრცელებული ან დახვეწილი პასუხებისთვის. 

მთავარი დასკვნა: AI სტუდენტებს პასუხების გაუმჯობესებაში დაეხმარა. კრიტიკული აზროვნების სწავლებამ კი მათი იდეები უფრო მრავალმხრივი გახადა. სტუდენტების მომავლისთვის მომზადებაში ეს ორი ურთიერთშემავსებელ როლს ასრულებს.