OpenAI

წარმოგიდგენთ Images 2.6-ს

შექმენით სურათები უფრო სწრაფად და უკეთ აკონტროლეთ რედაქტირების თითოეული ეტაპი.

იტვირთება…

წარმოგიდგენთ Images 2.6-ს ChatGPT‑ში, Codex-სა და API-ში თქვენი იდეების უფრო სწრაფად განსახორციელებლად. მისი დახმარებით სურათებს GIF-ებად აქცევთ და აამოძრავებთ. შეგიძლიათ გააცოცხლოთ ბრენდის სიმბოლური პერსონაჟი თუ სხვა პერსონაჟი, ან პროდუქტის ფოტო თვალისმომჭრელ, ციკლურ ანიმაციად გარდაქმნათ. ასევე შეგიძლიათ უფრო სწრაფად შექმნათ დახვეწილი გამოსახულებები და მეტი სიზუსტით შეცვალოთ ისინი ისე, რომ პერსონაჟების, პროდუქტებისა და ბრენდის დეტალები უცვლელი დარჩეს.

მთელ მსოფლიოში ადამიანები ChatGPT‑ში, Codex-სა და API-ში ყოველკვირეულად უკვე 4 მილიარდ სურათს ქმნიან. ეს დღეში საშუალოდ ნახევარ მილიარდზე მეტი სურათია.

დახვეწის უფრო სწრაფი პროცესი და უფრო პროფესიონალური გამოსახულებები

Images 2.6 სურათებს წინანდელზე 50%-ით სწრაფად აგენერირებს. API-ში დეველოპერებს არჩევანს GPT‑Image‑2.6 Flare-სა და Sunburst-ს შორის ვთავაზობთ. ხარისხის დაბალ დონეზე დაყენებისას Flare-ს სურათის გენერირება სულ რაღაც ექვს წამში შეუძლია. მეტი დეტალიზაციისა და სიზუსტის მომთხოვნი სამუშაოს შემთხვევაში, GPT‑Image‑2.6 Sunburst სურათის უფრო მაღალი ხარისხით გენერირებასა და რედაქტირებისას მეტი თანმიმდევრულობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, როცა ხარისხი საშუალო ან მაღალ დონეზეა დაყენებული. Flare ასევე აუმჯობესებს ელემენტების განლაგებას პლაკატებზე, პროდუქტის სურათებსა და სხვა პროფესიონალურ გამოსახულებებზე.

გააცოცხლეთ თქვენი იდეები GIF-ებით

როცა იდეის გადმოსაცემად მოძრაობაა საჭირო, GIF-ები მას ახალ განზომილებას სძენს. მარკეტერებსა და შემოქმედებს შეუძლიათ კამპანიისთვის ბრენდის სიმბოლური პერსონაჟი გააცოცხლონ, სოციალური მედიისთვის რეაქციები და მიმები შექმნან ან ვიდეოს გადაღებამდე ანიმაციური კადრების თანმიმდევრობის მეშვეობით პერსონაჟის მოძრაობის ვარიანტები მოსინჯონ.

შექმნილია OpenArt-ის მიერ

მოთხოვნა N1: შექმენი ერთი გამოსახულება, რომელზეც უწყვეტად განმეორებადი GIF-ანიმაციის ყველა კადრი იქნება განლაგებული. უსაყვარლესი, ჩიბის სტილში გამოსახული ოფისის ზრდასრული თანამშრომელი მაგიდასთან ზის და კომპიუტერის მონიტორს უყურებს, რომელზეც საფონდო ბაზრის მკვეთრად დაღმავალი ხაზოვანი გრაფიკი მკაფიოდ ჩანს. მოქმედების თანმიმდევრობა: თავდაპირველად იმედიანი გამომეტყველება აქვს, შემდეგ ამჩნევს, რომ გრაფიკი ეცემა, თვალები უფართოვდება, სახე სატირლად ემანჭება, ორივე ლოყაზე მსხვილი, მულტფილმისთვის დამახასიათებელი ცრემლები ღვარად ჩამოსდის, ბოლოს კი ჩუმად იწმენდს ცრემლებს და თან კვლავ დაღმავალ გრაფიკს მისჩერებია. არაპროპორციულად დიდი, მრგვალი თავი, პაწაწინა სხეული, დიდი, გამომხატველი თვალები, სახის რბილი, მომრგვალებული ნაკვთები, აჩეჩილი, ფუმფულა თმა, თეთრი პერანგი და მოშვებული ჰალსტუხი. ზუსტად 6 თანმიმდევრული კადრი, ზუსტად განლაგებული 3 სვეტისა და 2 მწკრივისგან შემდგარ ბადეში; კადრები უნდა მიჰყვებოდეს ერთმანეთს მარცხნიდან მარჯვნივ, შემდეგ კი ზემოდან ქვემოთ. ყველა კადრს ერთნაირი ზომები უნდა ჰქონდეს. კამერა ფიქსირებულია და პერსონაჟს წინიდან, სამი მეოთხედის რაკურსით აჩვენებს; ყველა კადრში უცვლელია პერსონაჟი, მაგიდა, მონიტორი, ჩაცმულობა და ფონზე გამოსახული მყუდრო მინიატიურული ოფისი. სახის გამომეტყველება და ცრემლების მოძრაობა კადრიდან კადრამდე მკაფიოდ და თანდათან უნდა იცვლებოდეს; მეექვსე კადრი შეუფერხებლად უნდა გადადიოდეს პირველში. დახვეწილი, კავაისა და ჩიბის ესთეტიკის მქონე, სათამაშოს მსგავსი 3D სტილი, თბილი პასტელური განათება, სახალისო და თანაგრძნობის აღმძვრელი განწყობა. წარწერების, სიტყვების, რიცხვების, ლოგოების, ტექსტური ბუშტების, კადრების აღმნიშვნელი ნიშნების, ჩარჩოებისა და კადრებს შორის შუალედების გარეშე.

შექმნილია OpenArt-ის მიერ

მოთხოვნა 2: შექმენი ერთი გამოსახულება, რომელზეც შეუმჩნეველი გადასვლით, უწყვეტად განმეორებადი GIF-ანიმაციის ყველა კადრი იქნება განლაგებული. უსაყვარლესი, ჩიბის სტილში გამოსახული ზრდასრული ოფისის თანამშრომელი მაგიდასთან ზის და კომპიუტერის მონიტორს უყურებს, რომელზეც მკაფიოდ ჩანს საფონდო ბაზრის მკვეთრად აღმავალი ხაზოვანი გრაფიკი და ზემოთ მიმართული დიდი ისარი. მოქმედების თანმიმდევრობა: ამჩნევს, რომ გრაფიკი ზემოთ მიიწევს, სიხარულისგან თვალები უფართოვდება, სიხარულის შეძახილით წამოხტება, იღებს ერთ მუჭა ქაღალდის კუპიურებს, რომლებზეც ვალუტის ამოსაცნობი აღნიშვნები არ იკითხება და რომლებიც არცერთ კონკრეტულ ვალუტას არ განასახიერებს, შემდეგ კი იცინის და კუპიურებს კონფეტივით სიხარულით ჰაერში ყრის. არაპროპორციულად დიდი, მრგვალი თავი, პაწაწინა სხეული, დიდი, მბრწყინავი და გამომხატველი თვალები, სახის რბილი, მომრგვალებული ნაკვთები, აჩეჩილი, ფუმფულა თმა, თეთრი პერანგი და მოშვებული ჰალსტუხი. ზუსტად 6 თანმიმდევრული კადრი, ზუსტად განლაგებული 3 სვეტისა და 2 მწკრივისგან შემდგარ ბადეში; კადრების თანმიმდევრობა უნდა იკითხებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ, შემდეგ კი ზემოდან ქვემოთ. ყველა კადრს ერთნაირი ზომები უნდა ჰქონდეს. კამერა ფიქსირებულია და პერსონაჟს წინიდან, სამი მეოთხედის რაკურსით აჩვენებს; ყველა კადრში უცვლელია პერსონაჟი, მაგიდა, მონიტორი, ჩაცმულობა და ფონზე გამოსახული მყუდრო მინიატიურული ოფისი. სხეულის, მკლავებისა და ჰაერში მოფარფატე ქაღალდის მოძრაობა კადრიდან კადრამდე მკაფიოდ და თანდათან უნდა ვითარდებოდეს; მეექვსე კადრი შეუფერხებლად უნდა გადადიოდეს პირველში. დახვეწილი, კავაისა და ჩიბის ესთეტიკის მქონე, სათამაშოს მსგავსი 3D სტილი, ნათელი, სადღესასწაულო პასტელური განათება, სახალისო და მხიარული განწყობა. წარწერების, სიტყვების, რიცხვების, ლოგოების, რეალური ვალუტების სიმბოლოების, მეტყველების ბუშტების, კადრების აღმნიშვნელი ნიშნების, ჩარჩოებისა და კადრებს შორის შუალედების გარეშე.

“GIF-ები სოციალური მედიის მშობლიური ენაა, GPT‑Image‑2.6 კი OpenArt-ის ყველა შემოქმედს საშუალებას აძლევს, ამ ენაზე თავისუფლად ისაუბროს. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ ერთი მოთხოვნა.”
—კოკო მაო, OpenArt-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი

დასაწყებად დახვეწილი დიზაინიც არ გჭირდებათ. უბრალო ესკიზიც კი შეიძლება ექსპრესიულ, ანიმაციურ პერსონაჟად იქცეს ვიდეოებისთვის, თამაშებისთვის და არა მხოლოდ.

ხაზებიან ქაღალდზე კალმით დახატული ბუ.

პირადი რეაქციებიდან დაწყებული ბრენდის სიმბოლური პერსონაჟებითა და პროდუქტის გამოსახულებით დასრულებული — GIF-ები ადამიანებსა და ბიზნესებს კომუნიკაციის სახალისო გზას სთავაზობს. Town-მა — სტარტაპმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სამუშაო ასისტენტს ქმნის — API-ში Images 2.6 გამოიყენა იმის გამოსაკვლევად, როგორ შეიძლება ანიმაციურმა პერსონაჟებმა სამუშაო ადგილზე ყოველდღიური ურთიერთობები უფრო გამორჩეული გახადოს.

შექმნისა და რედაქტირების მეტი შესაძლებლობა API-ში

Images 2.6 დეველოპერებს მეტ კონტროლს აძლევს სურათების შექმნაზე, რედაქტირებასა და პროექტის შემდეგ ეტაპზე მათ გამოყენებაზე. სურათზე მონიშვნის ფუნქცია, რომელიც ChatGPT‑ში უკვე ხელმისაწვდომია, API-შიც ემატება, რათა გუნდებმა ზუსტად მიუთითონ, სად რა უნდა შეიცვალოს. SVG ფორმატში ექსპორტი დიზაინებს ვებსაიტებზე, აპებსა და ბეჭდურ მასალებში გამოსაყენებლად ამზადებს.

სირთულის ახალი პარამეტრით დეველოპერებს შეუძლიათ განსაზღვრონ, რამდენად დეტალურად დაგეგმავს მოდელი მოთხოვნის შესრულებას. სწრაფი რედაქტირებისთვის სირთულის პარამეტრის დაბალ დონეზე დაყენებაა შესაფერისი. სურათის ხარისხი ვიზუალურ დეტალიზაციასა და სიზუსტეს განსაზღვრავს, სირთულე კი — სცენის დატვირთულობას.

“GPT‑Image‑2.6 სისწრაფეს და შემოქმედებითი პროცესის მართვის შესაძლებლობას აერთიანებს: გეხმარებათ სურათების გენერირებასა და რედაქტირებაში ისე, რომ პერსონაჟის, პროდუქტისა თუ ბრენდის განმსაზღვრელი დეტალები შეინარჩუნოთ. მოხარული ვართ, რომ მას Figma Weave-ში ვამატებთ და გუნდებს შემოქმედებითი სამუშაოსთვის კიდევ ერთ ძლიერ მოდელს ვთავაზობთ მრავალჯერ გამოსაყენებელი სამუშაო პროცესის ფარგლებში.”
—იტაი შიფი, Figma Weave-ის კრეატიული დირექტორი

რედაქტირების ამოცანების უმეტესობისთვის გირჩევთ, სირთულის დაბალი დონე აირჩიოთ, რათა რედაქტირება უფრო სწრაფად შესრულდეს, ხოლო გამოსახულების ხარისხი თქვენი სამუშაოს საჭიროების მიხედვით შეარჩიოთ. მრავალი ელემენტის ან შეზღუდვის მქონე სცენებისთვის სცადეთ სირთულის საშუალო ან მაღალი დონის გამოყენება.

ნახეთ, რა შექმნეს Images 2.6-ით მომხმარებლებმა, რომლებმაც მასზე ადრეული წვდომა მიიღეს:

ფასები და ხელმისაწვდომობა

Images 2.6 დღეიდან მთელ მსოფლიოში ხელმისაწვდომია ChatGPT‑სა და Codex-ში, გამოწერის ყველა დონეზე კომპიუტერზე, მობილურსა და ვებვერსიაში.

GPT‑Image‑2.6 Sunburst და GPT‑Image‑2.6 Flare ხელმისაწვდომია API-ში. იხილეთ ფასების დეტალები აქ.⁠(იხსნება ახალ ფანჯარაში)

Images 2.6-ის უსაფრთხოების შეფასებებისა და დამცავი ზომების შესახებ მეტი შეიტყვეთ სისტემურ ბარათში.

ავტორი

OpenAI