თაღლითური დასაქმების სქემა: AI-ის დახმარებით კანდიდატთა შერჩევის მანიპულირება
OpenAI-მ დაბლოკა ანგარიშები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენებოდა თაღლითური დასაქმების სქემისთვის, რომელსაც საჯაროდ აღწერილი, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული IT-თანამშრომლების აქტივობის ნიშნები ჰქონდა.
ეს შემთხვევის ანალიზი თავდაპირველად OpenAI-ის 2025 წლის თებერვლის(იხსნება ახალ ფანჯარაში) ანგარიშში გამოქვეყნდა.
სუბიექტი
ჩვენ დავბლოკეთ რამდენიმე ანგარიში, რომლებიც შესაძლოა თაღლითური დასაქმების სქემის ხელშეწყობისთვის გამოიყენებოდა. ჩვენ მიერ გამოვლენილი აქტივობა შეესაბამება ტაქტიკას, ტექნიკასა და პროცედურებს (TTPs), რომლებიც Microsoft-მა(იხსნება ახალ ფანჯარაში) და Google-მა(იხსნება ახალ ფანჯარაში) ჩრდილოეთ კორეასთან სავარაუდოდ დაკავშირებულ IT-თანამშრომელთა სქემას მიაკუთვნეს.
მართალია, ამ სუბიექტების ადგილმდებარეობასა თუ ეროვნებას ვერ ვადგენთ, ჩვენ მიერ აღკვეთილ აქტივობას ჰქონდა ნიშნები, რომლებიც საჯაროდ გავრცელებულ ცნობებში(იხსნება ახალ ფანჯარაში) უკავშირდებოდა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მცდელობებს, თაღლითური დასაქმების სქემებით მიეღო შემოსავალი: ამ სქემებში პირები მოტყუებით საქმდებიან დასავლურ კომპანიებში რეჟიმის ფინანსური ქსელის მხარდასაჭერად.
ქცევა
სხვადასხვა ანგარიში ჩვენს მოდელებს იყენებდა შიგთავსის შესაქმნელად, რომელიც, როგორც ჩანს, რეკრუტირების პროცესის თითოეულ ეტაპს სხვადასხვა, ერთმანეთის მხარდამჭერი თაღლითური მეთოდით ემსახურებოდა.
სუბიექტები იყენებდნენ ვირტუალურ კერძო ქსელებს (VPN), დისტანციური წვდომის ინსტრუმენტებს, როგორიცაა AnyDesk, და ინტერნეტტელეფონებს (VOIP), რომელთა უმეტესობაც თითქოს შეერთებულ შტატებში მდებარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სუბიექტების მიერ შიგთავსის გავრცელების გზებზე მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია გვაქვს, LinkedIn-ზე გამოქვეყნებული შიგთავსი გამოვავლინეთ.
გენერირებული შედეგები
ამ სუბიექტების მიერ შექმნილი შიგთავსის ერთ-ერთი ძირითადი ჯგუფი გამოგონილი „სამუშაოს მაძიებლების“ პირადი დოკუმენტებისგან შედგებოდა, მათ შორის იყო რეზიუმეები, დასაქმების ონლაინპროფილები და სამოტივაციო წერილები. ეს რეზიუმეები და პროფილები ხშირად კონკრეტულ ვაკანსიაზე იყო მორგებული, რათა პირი მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატად წარმოჩენილიყო. მეორე ჯგუფი მოიცავდა „მხარდამჭერი“ პერსონების შექმნას, რომლებსაც „სამუშაოს მაძიებლებისთვის“ რეკომენდაციის გასაწევად და მათი დასაქმების შესაძლებლობებზე წარსადგენად იყენებდნენ.
ამავდროულად, ოპერატორები სოციალურ მედიაში ქმნიდნენ პოსტებს, რათა თავიანთი სქემების მხარდასაჭერად რეალური ადამიანები გადაებირებინათ. მაგალითად, მათ შორის იყვნენ პირები, რომლებიც თანახმა იყვნენ, ლეპტოპები საკუთარ სახლში მიეღოთ და განეთავსებინათ ან სქემისთვის საკუთარი ვინაობა დაეთმოთ, რათა კანდიდატებს ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმება გაევლოთ.
დაბოლოს, როგორც ჩანს, „სამუშაოს მაძიებელი“ პერსონები გასაუბრებებზე ჩვენს მოდელებს იყენებდნენ ტექნიკურ და ქცევით კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების შესაქმნელად. თუმცა, არ დაგვიფიქსირებია, რომ ისინი „მეტყველების გარდაქმნა მეტყველებად“ ტიპის ჩვენს ინსტრუმენტებს იყენებდნენ.
მას შემდეგ, რაც, როგორც ჩანდა, სამსახურს იღებდნენ, ისინი ჩვენს მოდელებს სამუშაო დავალებებისთვის იყენებდნენ, მათ შორის კოდის დასაწერად, ხარვეზების აღმოსაფხვრელად და თანამშრომლებთან მიმოწერისთვის. ისინი ჩვენს მოდელებს ასევე იყენებდნენ უჩვეულო ქცევის ასახსნელად გამოგონილი ისტორიების შესაქმნელად, მაგალითად, რატომ არიდებდნენ თავს ვიდეოზარებს, რატომ შედიოდნენ კორპორაციულ სისტემებში უნებართვო ქვეყნებიდან ან რატომ მუშაობდნენ არასტანდარტულ საათებში.

შიგთავსის მაგალითი, რომელიც ამ სუბიექტმა ჩვენი მოდელებით შექმნა და შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ აშშ-ის მოქალაქეები გაუცნობიერებლად ჩაერთო საკუთარი სქემის მხარდაჭერაში.
გავლენა
ვინაიდან ამ აქტივობათა საერთო ერთობლიობის მხოლოდ მცირე ნაწილზე გვაქვს ინფორმაცია, მისი გავლენის შეფასებას მრავალი დაინტერესებული მხარის მონაცემები დასჭირდება.
OpenAI-ის წესები მკაცრად კრძალავს ჩვენი ინსტრუმენტების შედეგების თაღლითობისა თუ მოტყუებისთვის გამოყენებას. თაღლითური დასაქმების სქემების გამოძიებისას ათობით ანგარიში გამოვავლინეთ და დავბლოკეთ. ჩვენ მიერ აღკვეთილი თაღლითური ქსელების შესახებ ინფორმაცია დარგის სხვა წარმომადგენლებსა და შესაბამის უწყებებს გავუზიარეთ. ამით გავაძლიერეთ ასეთი საფრთხეების ერთობლივად გამოვლენის, თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების უნარი და საერთო უსაფრთხოებასაც ხელი შევუწყვეთ.